პარიზის შუაგულში, Le Marais-ის ცენტრში Ami Paris-ის ახალი, ბრენდის ყველაზე დიდი მაღაზია გაიხსნა, რომელიც ორ სართულზეა განთავსებული და ფრანგული ურბანული ელემენტებით, დახვეწილი ინტერიერითა და მინიმალიზმით გამოირჩევა. ახალ სივრცეზე ბრენდის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა ალექსანდრე მატიუსიმ Studio KO-ს არქიტექტორებთან - Olivier Marty-სთან და Karl Fournier-თან ერთად იმუშავა.
მატიუსიმ ფრანგული ბრენდი 2011 წელს დააარსა და 14 წლის შემდეგ სწორედ იქ ბრუნდება, სადაც სახლმა პირველი ნაბიჯები გადადგა, მას შემდეგ კი მსოფლიო აღიარება და პოპულარობა მოიპოვა. "Ami-ს ახალი მაღაზიის გახსნა ჩემს საყვარელ პარიზში ჩემთვის განსაკუთრებული ეტაპია. პარიზი არა მხოლოდ Ami-ს მშობლიური ქალაქია, არამედ ის ჩემი შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყაროა". - აღნიშნავს ალექსანდრე მატიუსი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც პირად, ისე მოდის სახლის ღრმა კავშირს პარიზთან.
კლასიკური ფრანგული არქიტექტურის გათვალისწინებით შექმნილი ახალი მაღაზიის ინტერიერი ქვის, ხისა და ტყავის მასალით არის მოპირკეთებული და, ძირითადად, შავ, ოქროს, თეთრ და სპილოს ძვლის ფერებშია გადაწყვეტილი, სწორედ მასალების, ფერებისა და ტექსტურების კონტრასტი ქმნის სახლისთვის დამახასიათებელ მინიმალისტურ და დახვეწილ სტილს. აქვე წარმოდგენილია სხვადასხვა ხელოვანის ნამუშევრები, ძველი და თანამედროვე ნახატები როგორც მატიუსის პირადი კოლექციიდან, ისე გალერეებიდან.
ორსართულიანი Ami Paris-ის მაღაზია მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ფეხსაცმელების სრულ კოლექციას აერთიანებს. გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საინტერესო გამოცდილება - AMI For Ever, რომელიც ბრენდის მდგრადი მოდისადმი ინიციატივას წარმოადგენს და Ami-ს ნივთებს ახალ სიცოცხლეს სძენს. სერვისი გულისხმობს Ami-ს ძველი ნივთების ვაუჩერში გადაცვლას.
დაწერე კომენტარი