1-3 მაისს, თიბისი კონცეპტის წარდგენით, თბილისის 28-ე ჯაზფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ჩატარდება. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში თბილისს ტრადიციულად მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი ვარსკვლავები ესტუმრებიან და ქართველი მსმენელისთვის სამდღიან მუსიკალურ დღესასწაულს მოაწყობენ. 1 მაისს ფესტივალს გახსნის მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით განთქმული ამერიკელი საქსოფონისტი და კომპოზიტორი - ლაკეშა ბენჯამინი, რომლის მუსიკა ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებს აერთიანებს და თავისი დამახასიათებელი მუსიკალური სტილითა და ხმით ჯაზის სამყაროს მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება; 2 მაისს მსმენელის წინაშე წარდგება გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, ვოკალისტი და ინსტრუმენტალისტი თილ ბრონერი, რომლის შემოქმედება ჯაზის, პოპისა და ბოსა-ნოვას ელემენტებს მოიცავს, ბრონერის კარიერა გამოირჩევა მრავალფეროვანი პროექტებითა და კოლაბორაციებით; ხოლო 3 მაისს ფესტივალს დახურავს და სცენას დაიკავებს სტივ კოლმანი ბენდთან ერთად. ამერიკელი ჯაზსაქსოფონისტის მუსიკა ფანკითა და აფრიკული ელემენტებით, იმპროვიზაციებით, ექსპერიმენტებითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. კოლმანს უკავშირდება თანამოაზრეებთან ერთად M-Base კონცეფციის შემუშავება და საკუთარი მიმართულების ჩამოყალიბება, რითაც მუსიკოსმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
‘’წელს თბილისი 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში - მისი ისტორია სათავეს 1978 წლიდან იღებს და სულ რამდენიმე პაუზა ჰქონდა, ბოლო წლები კი უწყვეტად იმართება. ჯაზფესტივალი პირველ რიგში გამორჩეულია თავისი შემადგენლობით, თითქმის ყველა არტისტი ფესტივალის ფარგლებში პირველად სტუმრობს საქართველოს, მუსიკოსები, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, მსოფლიო კლასის და უმაღლესი დონის არტისტები არიან. ასევე, წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია ლოკაციითაც, ის პირველად ჩატარდება კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც განსაკუთრებული აკუსტიკაა, ეს მუსიკა ძალიან მოუხდება დარბაზს და მსმენელი ნამდვილად ისიამოვნებს. 30 აპრილი არის ჯაზის საერთაშორისო დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს, ჩვენი ფესტივალიც ჯაზის დღის აღნიშვნას აგრძელებს 1 მაისიდან. პირველ დღეს მოვუსმენთ ლაკეშა ბენჯამინს, რომელიც თავის ბენდთან ერთად ჩამოდის. არტისტი დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია, აქვს მრავალფეროვანი შემოქმედება და ლეგენდებთან მუშაობის გამოცდილება, გასულ წელს იყო Global All Star-ის შემადგენლობაში, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა დიდ ქალაქში ტარდება, სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ დავიწყეთ მუსიკოსთან კომუნიკაცია, რომ საქართველოში მოგვეწვია.
მეორე დღეს მსმენელის წინაშე წარდგება თილ ბრონერი, გერმანელი მუსიკოსი, რომელიც თავის ბენდთან ერთად პირველად ეწვევა საქართველოს. 2007 წელს მუსიკოსი თბილისს ჯფუფ Reunion-თან ერთად სტუმრობდა, რომელშიც ბრონერი მესაყვირე იყო და მისი შესრულებული სოლოები ქართველი მსმენელისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ბრონერს დღესდღეობით არაერთი ალბომი აქვს გამოშვებული, მის აქტივშია ბევრი წარმატებული თანამშრომლობა. ბრონერი ასევე გამორჩეული მუსიკოსი, ვოკალისტი, მესაყვირე და ფოტოხელოვანია - გადაღებული აქვს უამრავი მუსიკოსის და ვარსკვლავის პორტრეტი, გარდა ამისა, გამოსცა კულინარიული, იტალიური სამზარეულოს და კოქტეილების წიგნი. შესაბამისად, ბრონერი ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. მესამე დღეს ფინალურ სცენაზე წარდგება სტივ კოლმანი ბენდ "Five Elements"-თან ერთად. კოლმანი ჯაზის ძალიან მნიშვნელოვანი არტისტია, რომელმაც შექმნა საკუთარი მიმართულება, აქვს უნიკალური მუსიკალური ხასიათი და დღეს ძალიან ბევრი მიმდევარიც ჰყავს. შესაბამისად, ეს დღე მუსიკის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო იქნება, თანამედროვე მუსიკისა და ჯაზით დაინტერესებულ უამრავ ადამიანს აქვს სურვილი კოლმანს მოუსმინოს და ვფიქრობ, მისი მუსიკა და ემოციები მსმენელს დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვება. ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა ასეთ ვარსკვლავებს მოვუსმინოთ, მათი სტუმრობა ფესტივალს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს.
თბილისის 28-ე ჯაზფესტივალის ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი, მხარდამჭერები - საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია, ორგანიზატორი - კომპანია “ისთერნ პრომოუშენი”, ოფიციალური სპონსორი ვიზა. ჯაზფესტივალის მონაწილეებს სასტუმრო “რუმსი” უმასპინძლებს.
დაწერე კომენტარი