Mugler ახალ კაფსულ-კოლექციასა და მისდამი მიძღვნილ Re/Edit კამპანიას აქვეყნებს, რომელიც ბრენდის არქივს აცოცხლებს და ასახავს 24 ყველაზე ცნობილ საკულტო დიზაინს, რომელიც სახლის დამაარსებელმა - მანფრედ ტიერ მიუგლერმა 1985-2000 წლებში შექმნა. კამპანიის მთავარი სახეა ამერიკელი მსახიობი შერონ სტოუნი, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს მონაწილეობდა ფრანგული მოდის სახლის კოლექციის ჩვენებაში და ახლა Mugler-ის ხელწერას - როგორც ძველ და მარადიულ, ისე თანამედროვე, ინტერპრეტირებულ სტილს გადმოსცემს.
ახალი კოლექცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრიდან Mugler-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და შერჩეულ მაღაზიებში, ეყრდნობა მიუგლერის მიერ შექმნილ როგორც ყოველდღიურ, ისე ოტ-კუტიურ კოლექციის ნიმუშებს. ლუქები შერჩეულია ისეთი საარქივო კოლექციებიდან, როგორებიცაა Hiver Pop, Hiver Russe, Les Cowboys, Cirque d’Hiver, Les Amazones Les Méduses და სხვა. უახლესი კამპანია კი, მოდის სახლის არქივთან ერთად, შთაგონებულია 1990-იანი წლების ტრილერებით და ეხმიანება ჰელმუტ ნიუტონისა და გაი ბურდენის ნამუშევრებს. კამპანია ხაზს უსვამს მიუგლერის სამ ძირითად ელემენტს - სკულპტურულ სამკერვალოს, თეთრეულს, როგორც გარე ტანსაცმელს და წითელი ხალიჩის თეატრალურობას. Re/edit კოლექციაში ვხვდებით მორგებულ კოსტიუმებს, წელში გამოყვანილ სამოსს, გამჭირვალე კაბებსა და კორსეტებს.
ფოტო: Mugler
დაწერე კომენტარი