იაპონელი მხატვარი და ილუსტრატორი იუკიკო ნორიტაკე დახვეწილი ესთეტიკითა და მრავალფეროვანი შემოქმედებით გამოირჩევა.ნორიტაკეს  ნამუშევრები ხასიათდება დეტალებზე ორიენტირებითა და პოეტურობით, ის ძირითადად აკრილის საღებავებით მუშაობს, ქმნის ტექსტურულ ნახატებს, რომლებიც შემდგომში ციფრულ სახეს იღებს. 

იუკიკო ნორიტაკეს ინსპირაციის წყარო ყოველდღიური ცხოვრება, მოგზაურობა, ბუნება და თანამედროვე ხელოვნებაა, ის ასევე შთაგონებას  პარიზსა და მის ქუჩებში მოსიარულე ხალხში პოულობს. ნორიტაკეს პარიზის  მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ხელოვნების სკოლაში - Ecole de Condé-ში სწავლის დროს გაუჩნდა, თუმცა მანამდე იგი იაპონიის უნივერსიტეტში ფრანგულ კულტურას  სწავლობდა. 2018 წელს, საფრანგეთში სწავლის დასრულების შემდეგ, ნორიტაკე პარიზში დაფუძნდა, ამავე წელს კი პირველი წიგნი - Voyage au Pays des odeurs გამოსცა, რომელიც მისი კარიერის განმსაზღვრელი გახდა და ასე დაიწყო თავისი პერსონალური სამყაროს გამოხატვა.

მოგვიანებით ნორიტაკემ კიდევ რამდენიმე საბავშვო წიგნი გამოსცა,  ესენია: Forêt des frères, Oncle Bernard cherche son chien à Paris და De l'autre côté de la mer, რომლებიც რამდენიმე ენაზე ითარგმნა და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. ნორიტაკე თავისი ილუსტრაციებით მუდმივად თანამედროვე კულტურას იკვლევს, ასევე ნამუშევრებში აქცენტს აკეთებს ბუნებაზე, როგორც ქალაქის განუყოფელ ნაწილზე და მის სილამაზეზე, ხელოვანის შემოქმედებითი ხედვა და დამახასიათებელი ხელწერა თითოეულ ნამუშევარს უნიკალურობას ანიჭებს. იუკიკო ნორიტაკე თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Piaget და Louis Vuitton.