1-ელი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მასპინძლობს გამოფენას, სახელწოდებით „რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“. გამოფენა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა, ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილ გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს. ექსპოზიცია ხიზანიშვილის პერსონალურ იკონოგრაფიას ქმნის და პერსონაჟების მეშვეობით უნიკალურ ისტორიებს გვიყვება. თიბისი კონცეპტის გალერეის პირველი სართული გრაფიკულ ნამუშევრებს ეთმობა, ხოლო მეორე სართულის საგამოფენო სივრცეში 6 ფერწერულ ტილოს შეხვდებით. აღსანიშნავია, რომ მისი ფანქრით შესრულებული შავ-თეთრი ნამუშევრები პირველად იფინება ცალკე ექსპოზიციის სახით.
„გამოფენა ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთი ნაწილი ეძღვნება გრაფიკულ, ხოლო მეორე - ფერწერულ ნამუშევრებს. ფერწერულ ტილოებზე სახელოსნოში ვმუშაობ, ხოლო გრაფიკას მხოლოდ სახლში ვქმნი. ეს ორი სრულიად განსხვავებული ტექნიკაა და შესაბამისად, განსხვავებულ ემოციასა და ამოცანებს მოიცავს. გრაფიკაზე მუშაობის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ფორმასა და შინაარსს. მასზე ინტენსიურად ვმუშაობ და, როგორც წესი, ერთ-ორ დღეში ვასრულებ ერთ გრაფიკულ ნამუშევარს, გააჩნია ფურცლის ზომას. ეს ნამუშევრები ერთგვარ დღიურს ჰგავს - ასახავს კონკრეტული დღეების განცდებსა და მოვლენებს. ისინი სიმბოლიზმითაა დატვირთული და, ჩემი ხედვით, სხვადასხვა ფორმითა და სახით ეხმიანება გარშემო მიმდინარე პროცესებს.
გრაფიკულ ნაწილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. მინდოდა მეჩვენებინა, რომ მინიმალური კომპონენტებით - მხოლოდ თეთრ ფურცელზე შავი ფანქრით შექმნილ ნამუშევარს თანამედროვე ხელოვნების ეპოქაში საკუთარი, გამორჩეული ადგილი უკავია. მისი ძალა სწორედ მინიმალიზმშია: როცა მხოლოდ ორი ელემენტის დახმარებით შესაძლებელია იმავე მასშტაბის ემოციისა და ნარატივის შექმნა, რაც ფერწერაში ფერთა მრავალფეროვნებით, სიუხვითა და პალიტრის სიღრმით მიიღწევა. ჩემს თავს „ვიზუალზე ორიენტირებულ“ ხელოვანს ვუწოდებ, რადგან ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ვიზუალს აქვს: ფიქრებისა და განცდების შედეგი საბოლოოდ სანახაობრივ სახეს იღებს. ფერწერა ჩემთვის ერთგვარი „კომფორტის ზონაა“, მაშინ როცა გრაფიკაზე მუშაობა საპირისპირო გამოცდილებაა - გამოწვევა და აღმოჩენა, თუ როგორ შეიძლება მინიმალური კომპონენტებით მაქსიმალურად თხრობითი სახე შეიქმნას.
დაწერე კომენტარი