13-23 ნოემბერს თიბისი კონცეპტისა და Setanta Sports-ის ორგანიზებით რიო დე ჟანეიროსა და ბუენოს-აირესში ფეხბურთის მოყვარულებისთვის 10-დღიანი ტური გაიმართება. ტურის მონაწილეები სპორტთან დაკავშირებულ  არაერთ საკულტო ადგილს მოინახულებენ.  ასევე, შეძლებენ თავისუფალ დროს სხვა ადგილებიც დაათვალიერონ. Hammock Magazine გთავაზობთ რიოს სამოგზაურო გზამკვლევს, რომელშიც საინტერესო, გამორჩეული და პოპულარული ადგილები გავაერთიანეთ.

EAV-Parque-Lage-foto-Wilton-Montenegro-1-2-1-1-scaled.jpg 563.93 KB
ღირსშესანიშნაობები 

დავიწყოთ შედარებით ცნობილი, თუმცა აუცილებლად სანახავი ადგილებით: ერთ-ერთი - Parque Lage-ია, პარკი, სადაც ისტორია, ბუნება და კულტურა ერთმანეთს ერწყმის. ისტორიული პარკი კორკოვადოს მთის ძირში მდებარეობს და ამ ადგილიდან თვალწარმტაცი ხედები იშლება ქრისტეს ქანდაკებაზე. Parque Lage - საჯარო პარკი და კულტურული ცენტრია. ის  ერთ სივრცეში აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, ეგზოტიკურ ბაღს, სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცეებს. Parque Lage-ის გვერდით მდებარეობს Jardim Botânico - რიო დე ჟანეიროს ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის შუაგულში ბუნების ოაზისს ქმნის. 

XYy568waWFVM0T2e6PcwzoUdXpwNmDBGYzdS0sds.jpeg 448.38 KB
გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი მოდერნისტი არქიტექტორის, ოსკარ ნიმეიერის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. Museu de Arte Contemporânea de Niterói არქიტექტორმა 1996 წელს შექმნა, ის გუანაბარას ყურეს თავზე მდებარეობს და რიო დე ჟანეიროს გადაჰყურებს. მუზეუმი არის Caminho Niemeyer-ის, კულტურული ცენტრის ნაწილი, აქ ნიმეიერის დაპროექტებულ რამდენიმე საინტერესო მოდერნისტულ შენობას შეხვდებით. Caminho Niemeyer რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და დღეს ის ხელოვნების, ისტორიისა და კულტურის ცენტრს წარმოადგენს. ასევე გირჩევთ მოინახულოთ ოსკარ ნიმეიერის საკუთარი სახლი - Casa Das Canoas, რომელიც ქალაქის სამხრეთით, ტყესთან ახლოს მდებარეობს და ფუნქციონირებს, როგორც ნიმეიერის სახლ-მუზეუმი. დახვეწილი მოდერნისტული სტილის Casa Das Canoas და ინტერიერის ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმის იდეალური ნიმუშია.
AGENDA DE EVENTOS DE AGOSTO - SÍTIO ROBERTO BURLE MARX 🌿 Confira a programação deste mês e faça.jpg 737.6 KB
რადგან არქიტექტურის ბუნებასთან კავშირს შევეხეთ, გირჩევთ მოინახულოთ ცნობილი ბრაზილიელი ლანდშაფტის არქიტექტორისა და ხელოვანის, Roberto Burle Marx-ის საცხოვრებელი - Sitio Roberto Burle Marx, რომელიც ბუნებისა და ხელოვნების ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. Roberto Burle Marx-ის დიზაინით შექმნილ ბაღში 4000-მდე ეგზოტიკური, ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარე ხარობს. Sitio Roberto Burle Marx UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
metalocus_museu_do_amanha_sc_19_bl.jpg 215.26 KB
ცნობილი არქიტექტორების დაპროექტებულ მუზეუმებს შორის არის Museu do Amanhã - „მომავლის მუზეუმი“, რომლის პროექტი არქიტექტორ სანტიაგო კალატრავას ეკუთვნის. მუზეუმის კონცეფცია კაცობრიობისა და პლანეტისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ეფუძნება. ის გუანაბარას ყურეს მიმდებარედაა, მისი მდებარეობა ქმნის ილუზიას, თითქოს შენობის საძირკველი წყალშია. Museu do Amanhã მეცნიერებას, ტექნოლოგიასა და ხელოვნებას აერთიანებს - აქ ნახავთ ინტერაქციულ გამოფენებსა და თემატურად წარმოდგენილ საინტერესო ექსპოზიციებს.
Catedral Metropolitana de São Sebastião ⛪️ ..#catedral #catedralmetropolitana #rj #brasil #riode.jpg 378.38 KB
და გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობის სიის ბოლოს, რიოს ყველაზე შთამბეჭდავი ბრუტალისტური ნაგებობა - Catedral Metropolitana de São Sebastião - ქალაქის მთავარი საკათედრო ტაძარი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური, კონუსისებრი ფორმის არქიტექტურით. წმინდა სებასტიანის სახელობის ტაძარი 1964-1979 წლებში აშენდა და მისი არქიტექტორია Edgar de Oliveira da Fonseca. ტაძარში ასევე შეხვდებით Museu de Arte Sacra-ს, რელიგიურ მუზეუმს ისტორიული ექსპონატებით.
massimo-listri_biblioteca-real-gabinete-de-leitura-rio-de-janeiro-brasile-1.jpeg 964.19 KB
რიო დე ჟანეირო ასევე ცნობილია რამდენიმე განსაკუთრებული ბიბლიოთეკით, თუმცა ყველაზე გამორჩეულია Real Gabinete Português de Leitura, რომელიც 1837 წელს პორტუგალიელმა ემიგრანტებმა დააარსეს. ბიბლიოთეკაში ინახება დაახლოებით 350,000 წიგნი, მათ შორის - იშვიათი გამოცემები მე-16 - მე-19 საუკუნეებიდან. ამასთან, ბიბლიოთეკა არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბიბლიოთეკათა სიაში.
Selaron_Stairs_Rio_de_Janeiro_Brasil (1).jpg 991.01 KB
კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთი ყველაზე ფერადი  მოზაიკით დაფარული კიბე - Escadaria Selarón, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ორ ცნობილ უბანს - Lapa-სა და Santa Teresa-ს. კიბე მოიცავს 200-ზე მეტ საფეხურს და სიმაღლეში დაახლოებით 125 მეტრია. ის მთლიანად დაფარულია სხვადასხვა ფერის კერამიკული ფილებით, სარკეებითა და მოზაიკის დეტალებით. კიბეები ხელოვანმა ხორხე სელარონმა შექმნა, რომელიც წლების განმავლობაში მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი კერამიკული ფილებით აფორმებდა. შედეგად, Escadaria Selarón ახლა ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ქუჩის ხელოვნებას და კულტურათა მრავალფეროვნებას აერთიანებს.
9bdba3ca-3552-42e8-b46b-8272b2698aa7.jpeg 208.69 KB
კაფე-რესტორნები, ბარები

ბრაზილიური სამზარეულო ცნობილია თავისი მრავალფეროვნებით, ტრადიციული კერძების გასაცნობად გირჩევთ რამდენიმე გამორჩეულ კაფე-რესტორანს ეწვიოთ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული კაფე არა მარტო რიოში, არამედ მთელ ბრაზილიაში Confeitaria Colombo-ა, რომელიც 1894 წელს დაარსდა. კაფე ბრაზილიური Belle Époque-ის სიმბოლოდ ითვლება და გამორჩეულია როგორც ისტორიული მნიშვნელობით, ისე დახვეწილი ინტერიერითა და გემრიელი კერძებით. Confeitaria Colombo-ს მენიუ აერთიანებს როგორც ტრადიციულ, ისე ევროპულ კერძებს, განსაკუთრებულ დესერტებსა და სასმელებს. ყველაზე ცნობილ ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებთ Braseiro da Gávea-ში, რომელიც 1995 წლიდანაა პოპულარული.

IMG_7092.PNG 531.42 KB
ტრადიციულ ბრაზილიურ სამზარეულოს გაეცნობით რესტორან Aprazível-ში, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და ლამაზი გარემოთი, აქვს ტერასა ხედებით ქალაქზე. თუკი ზღვის პროდუქტებს ანიჭებთ უპირატესობას, მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ ქალაქის ცენტრში მდებარე Labuta Mar-ში. აზიურ, კორეულ და იაპონურ კერძებს დააგემოვნებთ რესტორან Katz-Sü-ში, რომელიც თანამედროვე დიზაინით, კომფორტული გარემოთი და ტრადიციული სამზარეულოს მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა.
lasai-galeria-2019-rj-lasai-7.jpg 230.81 KB
თუკი მიშლენის ვარსკვლავის მქონე Fine Dining ან Contemporary-ის სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ, გირჩევთ ისეთ რესტორნებს ეწვიოთ, როგორიც არის - Lasai, Oro და Casa 201. რესტორნები ადგილობრივ ინგრედიენტებზე აკეთებენ აქცენტს და სტუმრებს ტრადიციული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციებს სთავაზობენ.
Discover two captivating sides of Brazil at @belmondcopacabanapalace and @belmondhoteldascatarat.jpg 275.54 KB
კიდევ ერთი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი იტალიური და ბრაზილიური რესტორანი - Cipriani მდებარეობს Belmond Copacabana Palace-ში. ვიქტორიანული სტილის, ერთ-ერთი უძველესი კოპაკაბანას სასახლე აუცილებლად სანახავი ადგილია რიო დე ჟანეიროში, რომელიც საკულტო სანაპიროს გადაჰყურებს და ამ სასტუმროში კარგად იგრძნობა ქალაქის კულტურა და ბრაზილიური ხასიათი. ლეგენდარულმა სასტუმრომ წლების განმავლობაში უმასპინძლა არაერთ ცნობილ სახეს, მსოფლიო ვარსკვლავებს და რამდენიმე ფილმის შთაგონების წყაროც გახდა.
tradicao-a-beira-mar-bar-lagoa-inaugura-primeira-filial-na-orla-de-ipanema-2.jpeg 222.09 KB
ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად, ქალაქის კულტურისა და ხასიათის უკეთ შესაცნობად გირჩევთ, რამდენიმე ბარს ეწვიოთ, მათ შორისაა Labuta, Bar Lagoa და Jobi. რიოსთვის დამახასიათებელი ენერგეტიკა კარგად იგრძნობა Rio Scenarium-ში, სადაც  ცოცხალი მუსიკის ფონზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყველაზე ცნობილი ბრაზილიური კოქტეილი - ​​Caipirinha.
IMG_7116.JPG 223.14 KB
კონცეპტუალური მაღაზიები

რიო დე ჟანეიროში სტუმრობისას არაერთ საინტერესო კონცეპტუალურ მაღაზიას შეხვდებით. მათგან რამდენიმე გამორჩეულს გაგაცნობთ. Vinil do Mustafá კულტურული სივრცეა, რომელიც ცნობილია თავისი ეკლექტური ატმოსფეროთი. ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა მუსიკის მოყვარულთათვის და ვინილის კოლექციონერებისთვის, რადგან აქ ბევრ იშვიათ ალბომს შეხვდებით. Vinil do Mustafá ხშირად მასპინძლობს ცოცხალი მუსიკის პერფორმანსებს და სხვადასხვა ღონისძიებას. რიო დე ჟანეიროს ბევრ უბანში შეხვდებით ბრაზილიური წიგნების მაღაზიათა ქსელს - Livraria da Travessa-ს, რომელიც 1986 წელს დაარსდა და იქ უამრავ საინტერესო წიგნს აღმოაჩენთ. 

IMG_7118.PNG 598.59 KB
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიური ბრენდია Havaianas, რომელიც 1962 წლიდან ფერად ‘’ფლიპ-ფლოპებს’’ აწარმოებს. Havaianas ბრაზილიის კულტურას ასახავს და მზის, ზღვისა და თავისუფალი ცხოვრების სტილის სიმბოლოა. რიო დე ჟანეიროში ამ ბრენდის კონცეპტუალურ მაღაზიას - Espaço Havaianas-ს შეხვდებით, რომელიც გამორჩეულია როგორც აქ წარმოდგენილი კოლექციებით, ისე სივრცის დიზაინით და ატმოსფეროთი. რაც შეეხება სამოსს, გირჩევთ Haight-ის მაღაზიას ესტუმროთ, სადაც დახვეწილი კოლექცია, განსაკუთრებით კი რიო დე ჟანეიროსთვის დამახასიათებელი საზაფხულო სტილის ტანსაცმელი, სანაპიროს ნივთები და საცურაო კოსტიუმები აქვთ. ბოლოს კი უნიკალურ ბრაზილიურ სამკაულს აღმოაჩენთ Maria Frering-ის მაღაზიაში, რომლის კოლექციები ხელოვნებისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზით იქმნება.