Louis Vuitton-მა ნიკოლას გესკიერის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით 2025 წლის საშემოდგომო კოლექცია წარადგინა, რომლის ჩვენება საკულტო Gare du Nord მატარებლის სადგურთან, L'Étoile du Nord-ში გაიმართა, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი სარკინიგზო კომპანიის სათავო ოფისად ფუნქციონირებდა. ჩვენებაზე მონაწილეობა ქართველმა მოდელმა - მატილდა გვარლიანმა მიიღო.

ახალი კოლექციის შექმნისას ნიკოლას გესკიერის მთავარი შთაგონება მოგზაურობა იყო, მან ინსპირაცია სადგურების პლატფორმებიდან და იქ მყოფი ადამიანებისგან მიიღო, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიან ან სახლში ბრუნდებიან და შესაბამისი ემოციები აქვთ. გარდა ამისა, გესკიერი შთააგონა ფრანგული მოდის სახლის ისტორიამ და საუკუნოვანმა კავშირმა მოგზაურობასთან - პირველი სამგზავრო ჩანთა Louis Vuitton-მა 1858 წელს გამოუშვა. “ახალ კოლექციას მივყავართ სადგურში, სადაც ყველა ემოცია ერთად იყრის თავს - მოუთმენლობა დროის გასვლასთან ერთად, ერთი და იმავე პლატფორმის ბოლოს არის სიყვარული, იმედი ან განშორების სევდა, გამგზავრების ენთუზიაზმი ან დაბრუნების კომფორტი...’’ - აღნიშნავს ბრენდის კრეატიული დირექტორი. ახალი კოლექცია მრავალფეროვანია როგორც სტილით, ისე ფერთა პალიტრით, ვხვდებით ყვავილებიანი პრინტით გაფორმებულ კაბებს, ზამშის და ნაქსოვ ელემენტებს, ნაქარგიან და მაქმანებიან დეტალებს, ტყავის სამოსს, აქსესუარებს, ქუდებს და თემატიკის შესაბამისად, სხვადასხვა სტილის სამგზავრო ჩანთებს.


 ფოტო: Vogue Runway