ნანანო ფაღავასა და ნატაშკა აბზიანიძის მიერ დაარსებული სტუდია Mezzanine, რომელიც სხვადასხვა თემატიკის უნიკალურ და განსხვავებულ ავეჯსა და დეკორატიულ ობიექტებს აწარმოებს, ახალ კოლექციას წარმოადგენს, რომლის ჩვენებაც სტუდიამ პოპ-აპის ფარგლებში გაიმართა. Mezzanine-ის კოლექციის ჩვენება ყოველთვის განსხვავებული კონცეფციისაა და გამორჩეულ ადგილებში ტარდება. ახალი კოლექცია სტუდიამ გოგებაშვილის ქუჩაზე, საფრანგეთის საელჩოს ყოფილ შენობაში წარადგინა და დამთვალიერებელს სხვადასხვა ტიპის ავეჯი - მაგიდები, სკამები, თაროები და სხვა გამორჩეული დიზაინ-ობიექტები გააცნო.
ნანანო ფაღავა, Mezzanine-ის დამფუძნებელი:
‘’მეზანინის” ახალი კოლექცია აერთიანებს ავეჯისა და ინტერიერის ობიექტებს, რომლებიც როგორც ესთეტიკურად, ისე ფუნქციურად განსხვავებული და საინტერესოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნამუშევარი არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ვიზუალურადაც შთამბეჭდავი და უნიკალური იყოს. კოლექციაში შეხვდებით სხვადასხვა ტიპის ავეჯს - მაგიდებს, სკამებს, თაროებს, სარკეებსა და განათების ელემენტებს, რომლებიც “მეზანინის” ხელწერას ზუსტად გადმოსცემს. ამ კოლექციის მთავარი იდეა იყო “მეზანინისთვის” დამახასიათებელი მასალების გამოყენება და მათი თანამედროვე ხედვით წარმოჩენა.
განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ლაქირებულ ზედაპირებზე, სარკის ელემენტებზე და გლუვ ტექსტურებზე, რომლებიც სივრცეს სიღრმესა და ელეგანტურობას სძენს. ასევე, ხაზგასმულია ინდივიდუალიზმი - თითოეული ნამუშევარი განსაკუთრებულია თავისი ფორმით, დეტალებითა და მასალების კომბინაციით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დიზაინი მაქსიმალურად მოქნილი და მრავალფეროვანი ყოფილიყო, რათა სხვადასხვა ინტერიერში მარტივად ინტეგრირდეს. ეს კოლექცია “მეზანინის” ხელწერის კიდევ ერთი განვითარებაა, რომელიც ტრადიციულ მასალებსა და თანამედროვე დიზაინს შორის ბალანსს ქმნის. “მეზანინის” პოპ-აპები ყოველთვის საგულდაგულოდ შერჩეულ და განსაკუთრებულ სივრცეებში იმართება.
ამჯერად კოლექცია წარმოვადგინეთ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის 15-ში, ისტორიულ შენობაში, რომელიც ერთ დროს საფრანგეთის საელჩოს ფუნქციას ასრულებდა. ჩვენი მეგობრების, მერიკო გუბელაძის და ირა გუსაროვას დახმარებით, ეს უნიკალური ადგილი რამდენიმე დღით “მეზანინის” პოპ-აპისთვის გარდავქმენით. “მეზანინის” სახელით დიდ მადლობას ვუხდით მათ ამგვარი შესაძლებლობისთვის. ამ არტ ნუვოს სტილის ნაგებობას თავისი დროის ელეგანტური ორნამენტები, დახვეწილი ფასადი და ევროპული ესთეტიკა დღემდე განსაკუთრებულ იერს აძლევს. შენობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში თბილისისა და ევროპის ურთიერთობების უხმო მოწმე იყო და კვლავ ინარჩუნებს თავის უნიკალურ ხასიათს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვიწყებთ ავეჯის წარმოებას და ვამზადებთ საინტერესო კოლაბორაციებს, რომელთა შესახებაც ძალიან მალე გაიგებთ..."
დაწერე კომენტარი