ცნობილმა ფრანგმა არქიტექტორმა და დიზაინერმა ფილიპ სტარკმა საფრანგეთის ქალაქ მეცში ახალი ცხრასართულიანი სასტუმრო - Maison Heler შექმნა. თანამედროვე მონოლითურ ნაგებობაზე აღმართული მე-19 საუკუნის ტრადიციული სახლი ქალაქის თავზე მოცურავე შენობის ილუზიას ქმნის და არქიტექტორის სიურრეალისტურ, ფანტასტიკურ ხედვას აცოცხლებს. ფოლადისა და მინისგან შექმნილი Maison Heler მეცის ამფითეატრის რაიონში მდებარეობს, მისი უნიკალური არქიტექტურა და დიზაინი სასტუმროს იდუმალ და ზღაპრულ ესთეტიკას სძენს.

IMG_0400.jpeg 311.16 KB
არქიტექტურული სიურრეალიზმის ელემენტების გამოყენებით ფილიპ სტარკმა თანამედროვე ხელოვნება და დიზაინი ერთ სივრცეში მოაქცია. სასმტუმროს ქვედა ნაწილი თანამედროვე, მინიმალისტური შენობაა, ხოლო ზედა ნაწილი სახურავზე განთავსებული ტრადიციული ძველი სახლია, რაც წარსულისა და აწმყოს კონტრასტს უსვამს ხაზს. სასტუმროში განთავსებულია 104 ნომერი, ორი რესტორანი, ორი ბარი და საღონისძიებო სივრცეები. თითოეული ოთახის დიზაინი შექმნილია სასტუმროს ეკლექტიკურ სივრცეებთან შეხამებით. მინიმალისტურ და დახვეწილ დიზაინს აფორმებს თეთრი ქსოვილები, ნაცრისფერი ჭერი და კედლები, დიდი ზომის ფანჯრები, ტყავის ავეჯი, მარმარილოს პანელები და სარკეები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ცვალებად შუქს ირეკლავს.
IMG_0403.jpeg 134.75 KB

სასტუმროს დიზაინი ეხმიანება 70-იანი წლების ესთეტიკას და ამავდროულად, პატივს მიაგებს მეცის არქიტექტურულ მემკვიდრეობას. ინტერიერის დიზაინი ქმნის მშვიდ, კომფორტულ და ელეგანტურ ატმოსფეროს. გარდა ამისა, Maison Heler-ს შეიძლება ცოცხალი გალერეაც ვუწოდოთ, რადგან ფილიპ სტარკმა სიურრეალიზმისა და ხელოვნების სიყვარულით ყოველი კუთხე სხვადასხვა არტეფაქტით და ხელოვნების ნიმუშით გაამდიდრა. სასტუმროში წარმოდგენილია უამრავი ობიექტი, რომლებიც შთაგონებულია ფრანგი მხატვრისა და ილუსტრატორის, ჟაკ კარელმანის - Catalog d'Objets Introuvables-ის გავლენით. თუმცა, სასტუმროს კონცეფციის უმთავრესი შთაგონება თავად ფილიპ სტარკის რომანი - La Vie Minutieuse de Manfred Heler და მისი მთავარი პერსონაჟი მანფრედ ჰელერია, რომლის ირგვლივაც ტრიალებს სასტუმროს ესთეტიკა. 

IMG_0405.jpeg 211.64 KB
ფილიპ სტარკმა Maison Heler ერთგვარ ცოცხალ ნაწარმოებად აქცია და მისი წარმოსახვით, ზღაპრული, იდუმალი პერსონაჟის, ექსცენტრიკული გამომგონებლის, მანფრედ ჰელერის საცხოვრებელი სასახლე შექმნა, ეს ნარატიული ელემენტი სასტუმროს იდენტობის განმსაზღველი ფაქტორია და მთელი სივრცის დიზაინს განაპირობებს - დაწყებული შენობის ფორმიდან, ინტერიერის დიზაინამდე, რომელიც ჰელერის ცხოვრების, გამოგონებებისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. მაგალითად, რესტორანი La Cuisine de Rose მანფრედის წარმოსახვით სიყვარულს -  როზს ეძღვნება. სიურრეალისტური დეტალებით გაფორმებული რომანტიკული გარემო თეთრ და ვარდისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, ფილიპ სტარკი თითოეული ელემენტით და სპეციალურად შერჩეული დიზაინ-ობიექტებით ცდილობს ვიზიტორები ჰელერის სამყაროში ამოგზაუროს.
IMG_0401.jpeg 302.34 KB
სასტუმროს ბოლო სართულზე რესტორანი La Maison de Manfred მდებარეობს, საიდანაც ქალაქზე პანორამული ხედები იშლება, სივრცეს ამშვენებს ხელოვან არა სტარკის მიერ შექმნილი ვიტრაჟი, რომელიც სიმბოლოების საშუალებით მეცის ისტორიას ასახავს. სასტუმროს აქვს ხუთი სხვადასხვა სივრცე კონფერენციების, სემინარებისა და კერძო ღონისძიებებისთვის. Maison Heler მეცის აღმოჩენის ახალი გზა და ქალაქის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. პოეზიითა და ხელოვნებით სავსე სასტუმროს გახსნა აღნიშნავს ახალ თავს თანამედროვე სასტუმროების დიზაინში. 


ფოტოს წყარო: Philippe Starck