ფერნანდო ბოტერო გამორჩეული არტისტია, რომელმაც ხელოვნებაში ინდივიდუალიზმით, უნიკალური ხელწერითა და თავისი დამახასიათებელი სტილით დაიმკვიდრა  თავი - კოლუმბიელი მხატვრის შემოქმედების განმსაზღვრელი სტილი სკულპტურებსა და ნახატებზე, ფერწერულ ნამუშევრებზე გამოსახული მასიური და გაზვიადებული ზომის, მოცულობითი და მონუმენტური ფიგურები აღმოჩნდა. ხელოვანის სტილი იმდენად უსვამდა მის ინდივიდუალიზმს ხაზს, რომ მას ‘’ბოტერიზმი" შეარქვეს.

ფერნანდო ბოტეროს პაროდიული, კომიკური და ხანდახან კრიტიკული ნამუშევრები მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი და დღეს მის ნამუშევრებს ისეთ სახელგანთქმულ ადგილებში შეხვდებით, როგორიცაა პარკ ავენიუ ნიუ-იორკში, შანზ-ელიზე პარიზში და რამბა დელ რავალი ბარსელონაში. ხელოვანის ნამუშევრები პირველად  1948 წელს ჯგუფურ გამოფენაზე რეგიონის სხვა მხატვრებთან ერთად გამოიფინა. 1949 წლიდან 1950 წლამდე ბოტერო მუშაობდა დეკორატორად, შემდგომში კი გაზეთის ილუსტრატორად, რადგან მის უპირველეს ინტერესს მხატვრობა წარმოადგენდა. 

2291-botero-circus-people-2007-olio-su-tela-cm-167x182.jpeg 85.97 KB

2301-botero-trainer-with-tiger-2007-olio-su-tela-cm-141x183.jpeg 112.49 KB


1950-იანი წლების დასაწყისში ბოტერო პარიზში ცხოვრობდა და დროის უმეტეს ნაწილს ლუვრის მუზეუმში ატარებდა, სადაც შეისწავლიდა და მუდმივად აკვირდებოდა ნამუშევრებს, ასევე ცხოვრობდა ფლორენციაში და ეცნობოდა რენესანსის ხელოვნებას. ბოტეროს თავდაპირველი ინტერესი ტრადიციულ ლათინოამერიკულ ხელოვნებასა და ევროპულ მოდერნიზმს უკავშირდება, თუმცა მისი შემოქმედებითი ხედვა და ხელწერა სრულიად განსხვავებული და უნიკალური აღმოჩნდა. 


ფერნანდო ბოტერო გაზვიადებული პროპორციების გამოსახულებებსა და ზოგადად, ნამუშევრებში, გარდა იუმორისა, ხშირად მნიშვნელოვან სათქმელს აქსოვდა, მათ შორის - საზოგადოების, კულტურისა და პოლიტიკის კრიტიკას. მაგალითად, 2005 წელს დიდი  პოპულარობა დაიმსახურა მისმა სერიამ - Abu Ghraib, რომელიც ეფუძნება ერაყის ომის დროს აბუ გრეიბის ციხეში პატიმრებზე ძალადობასა და შეურაცხყოფას. ბოტერომ შექმნა დაახლოებით 100 ნახატი და თითოეულ მათგანში უდიდეს პრობლემას გაუსვა ხაზი, შეისწავლა ძალადობისა და ადამიანის უფლებების თემები, ხელოვანმა 2009 წელს ბერკლის ხელოვნების მუზეუმს უსახსოვრა 56 ნახატი სერიიდან. 

50-იან წლებში აღმოჩენილი დამახასიათებელი სტილი, რომელმაც უამრავი ადამიანის აღფრთოვანება გამოიწვია და იყო მხატვრობის მნიშვნელოვანი მოვლენა, ბოტეროსთვის არასდროს აღარ შეცვლილა - იგი ცხოვრების ბოლომდე მიჰყვებოდა მის ინტერესს და მუდმივად ხატავდა და ქმნიდა გაზვიადებული ზომის ნახატებსა და სკულპტურებს, იკვლევდა ფორმისა და სივრცის განზომილებებს. ფერნანდო ბოტეროს შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს შორისაა 1978 წლის ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას განსხვავებული ვერსია, 2006 წლის ‘’პაბლო ესკობარის სიკვდილი’’, 2001 წლის ‘’მოცეკვავეები ბარში’’, ‘’ფრენკ ლოიდი და მისი ოჯახი სამოთხის კუნძულზე’’, ‘’მარი ანტუანეტა მედელინის ვიზიტზე’’ და მრავალი სკულპტურა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ქალაქს ამშვენებს.