ზაფხულის ესთეტიკა, სეზონის დამახასიათებელი განწყობა და საზაფხულო არდადეგების დაუვიწყარი მომენტები არაერთხელ მოხვედრილა ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტივში. ზღვისპირა სასტუმროს აუზებზე, ყველაზე პოპულარულ საკულტო კურორტებსა და პლაჟებზე წლების განმავლობაში ფოტოგრაფებმა ისეთი კადრები აღბეჭდეს, რომლებიც მუდამ პოპულარულია, მათ შორის არის სლიმ აარონსის, ტომ კელის და მარტინ პარის ცნობილი ფოტოსურათები, რომლებიც თითოეული მათგანის უნიკალური და დამახასიათებელი ხელწერით აღწერს ზაფხულის სხვადასხვა ემოციასა და მოგონებას.
სლიმ აარონსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია, რომელმაც ზაფხულის ესთეტიკის აღბეჭდვა მის დამახასიათებელ და შემოქმედების განმსაზღვრელ ნიშნად აქცია. აარონსის ნამუშევრებში კარგად ჩანს ფოტოგრაფის ინდივიდუალიზმი, რომელიც ფოტოების სტილსა და ფერებში იკითხება. მის ყველაზე სახელგანთქმულ ნამუშევრებს შორის არის ფოტოსერია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე საცურაო აუზებსა და პლაჟებს მიეძღვნა, გააერთიანა კალიფორნიის, პალმ სპრინგსის, სან-ტროპეს, ბევერლი ჰილზის, კაპრის, მაიამის, ასევე სხვა ცნობილი ადგილებისა და იქ დამსვენებელთა ხასიათი.
გასული საუკუნის ზაფხული, განსაკუთრებით კი კალიფორნიული განწყობა იდეალურად აღბეჭდა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ტომ კელიმ, იგი წლების განმავლობაში ფოტოებში ამერიკული ცხოვრების სტილსა და მოდას უნიკალური ხედვით წარმოაჩენდა. კელის ყველაზე ცნობილი საზაფხულო სერიაა Californian Summer, რომელშიც მან ახალგაზრდები სერფინგის დაფებით, ქვიშიან სანაპიროზე, მხიარული და სეზონის შესაბამისი განწყობით აღბეჭდა.
მარტინ პარის საზაფხულო სერიებს სხვადასხვა ქვეყნიდან შეხვდებით, იქნება ეს ამერიკა, ბრაზილია, ჩინეთი, იაპონია თუ ესპანეთი. უნიკალური, რეალური სცენებით დატვირთული ფოტოები ხშირად კომედიურ, დრამატულ ან ირონიულ ხასიათს ატარებს, რომლითაც პარი სხვადასხვა პრობლემას ან მნიშვნელოვან საკითხს უსვამს ხაზს. პარის ფოტოგრაფიაში ხშირია უცნაური და საინტერესო დეტალები, რომლებიც ფოტოგრაფის ინდივიდუალურ ხედვას წარმოაჩენს.
დაწერე კომენტარი