ორდრუპში, კოპენჰაგენის ჩრდილოეთით Finn Juhl-ის სახლი მდებარეობს, რომელიც მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია, დღესდღეობით სახლი მუზეუმ Ordrupgaard-ის ნაწილია და დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევს დანიელი არქიტექტორის და დიზაინერის სახლი დაათვალიეროს. სახლი აერთიანებს Finn Juhl-ის მიერ შექმნილ უნიკალურ ავეჯსა და ხელოვნების ნიმუშებს, თითოეული ოთახი ფერების მრავალფეროვნებით და ბუნებრივ სინათლეზე აქცენტით არის შექმნილი. 

Finn Juhl-მა სახლი Kratvænget-ზე 1942 წელს ააშენა, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე - 1989 წლამდე. ამ პერიოდში იგი მუდმივად აახლებდა სახლის ინტერიერის დიზაინს, წლების განმავლობაში ამატებდა სხვადასხვა ავეჯს და ზრუნავდა ყოველი დეტალის სრულყოფილებაზე. სახლი, რომელიც დანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება, ორი კორპუსისგან შედგება და ერთმანეთთან დერეფნით არის დაკავშირებული. 

Finn Juhl-ის შექმნილი ავეჯი სამგანზომილებიანია, რაც ოთახებს ორიგინალურ ხასიათს სძენს. მისაღებ ოთახში განთავსებულია მისი ცნობილი დიზაინით დამზადებული დივანი და Chieftain-ის სავარძელი. ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის სფეროში მან სწორედ ინოვაციური Pelican Chair-ითა და Chieftain Chair-ით გაითქვა სახელი. ოთახებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივ შუქს, შესაბამისად, Finn Juhl-მა ფანჯრები გამჭვირვალე ფარდებით გააფორმა, ასევე შეხვდებით ბევრ დეკორატიულ ნივთს, ნახატსა და ხელოვნების ნიმუშს, მათ შორის - ჰანე ვილჰელმ ჰანსენის პორტრეტს, რომელიც მხატვარმა ვილჰელმ ლუნდსტრომმა დახატა. 

გარდა სახლის შიდა სივრცისა, Finn Juhl-ის ავეჯი წარმოდგენილია მუზეუმის სხვადასხვა სივრცეში, მაგალითად, 1940 წლის პელიკანის სავარძელი, რომელიც ერწყმის მუზეუმის თანამედროვე არქიტექტურას. Ordrupgaard-ის მუზეუმი ძირითადად თანამედროვე ხელოვნებას და ფრანგულ იმპრესიონიზმს ეძღვნება, სწორედ გალერეის შენობის გვერდით სტუმრებს შეუძლიათ აღმოაჩინონ Finn Juhl-ის სახლი.

ფოტო: Ordrupgaard, A Constellation