ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის, ტიერი მუგლერის მრავალფეროვანი შემოქმედება ბევრი გამორჩეული კოლექციის შექმნასთან ერთად, ფოტოგრაფობასა და რეჟისორობასაც აერთიანებს. მუგლერის კარიერა მოიცავს ფოტოგრაფიის დიდ პორტფოლიოს, რომელიც დოკუმენტურად ასახავს მის კალეიდოსკოპურ სამყაროს. დიზაინერი ყველა კოლექციასთან ერთად ქმნიდა იმერსიულ სამყაროს, სადაც თავის ფანტაზიას აცოცხლებდა. მუგლერი იგონებდა საინტერესო სიუჟეტებს, თავად ეძებდა მოდელებსა და ადგილებს და ძალიან ხშირად იღებდა თავისივე კოლექციის კამპანიებს, რომლებშიც კარგად ჩანს მუგლერის კრეატიულობა და მრავალმხრივი ნიჭი.
მოდასთან დაკავშირებული პირველი ფოტო მუგლერმა 14 წლის ასაკში გადაიღო, როდესაც ის პროფესიონალი ბალეტის მოცეკვავე იყო საფრანგეთის The Opéra National du Rhin-ში. 20 წლის ასაკში მუგლერი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და 1974 წელს, საკუთარი ბრენდი დააფუძნა. ბრენდის ორი ყველაზე ადრეული კამპანია ჰელმუტ ნიუტონმა გადაიღო, სწორედ მან შთააგონა დიზაინერი, თავად მუგლერს გადაეღო კამპანიები. როგორც მუგლერი აღნიშნავს, ჰელმუტ ნიუტონი ყველაზე ახლოს იყო მის სამყაროსთან.
ტიერი მუგლერმა იმოგზაურა მთელი მსოფლიოს გარშემო საინტერესო ადგილების აღმოსაჩენად და თავისი მუზები საკულტო შენობების, ისტორიული ნაგებობებისა და თვალწარმტაცი ბუნების პეიზაჟების ფონზე აღბეჭდა. მუგლერის გადაღებულ ფოტოებს შორის აღმოაჩენთ ისეთ ადგილებს, როგორებიცაა პარიზის Opéra Garnier, ნიუ-იორკის Chrysler Building, ფერადი Tlalpan Chapel მეხიკოში და მალიში მდებარე Great Mosque of Djenné. მის გადაღებულ თითოეულ ფოტოში კარგად ჩანს მაქსიმალური ყურადღება განათებაზე, ფერებსა და კომპოზიციაზე.
მუგლერის პირველი ფოტოწიგნი „Thierry Mugler: Fashion Fetish Fantasy“ 1988 წელს გამოიცა, მისი როგორც ფოტოგრაფის, ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში. წიგნში გაერთიანებულია როგორც Mugler-ის ფოტოგრაფების - ნიუტონის და დევიდ ლაშაპელის ფოტოები, ისე ტიერი მუგლერის ესკიზები და მნიშვნელოვანი ფოტოები. წიგნში წარმოდგენილია ის ცნობილი ნამუშევრები, რომელიც მუგლერმა თავისი საყვარელი სუპერმოდელებისა და ვარსკვლავებისთვის შექმნა. მოგვიანებით, 2020 წელს, მუგლერის ფოტოგრაფიას მიეძღვნა წიგნი ‘’Manfred Thierry Mugler, Photographer’’, რომელიც მისი ფოტოების ყველაზე მნიშვნელოვანი არქივია. წიგნი მის ყველაზე დასამახსოვრებელ ფოტოებს, პირადი კოლექციიდან იშვიათ სურათებსა და მოგზაურობის შესახებ მუგლერის ისტორიებს მოიცავს.






დაწერე კომენტარი