ლოს-ანჯელესში გრემის 68-ე დაჯილდოება გაიმართა. წლევანდელი ღონისძიების ლიდერი ამერიკელი რეპერი კენდრიკ ლამარია, რომელმაც 5 ჯილდო დაიმსახურა და ოფიციალურად გახდა ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ჰიპ-ჰოპ არტისტი გრემის ისტორიაში. ლამარი წელს გამარჯვებული გახდა ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა წლის ჩანაწერი, რეპის საუკეთესო ალბომი, საუკეთესო სიმღერა და მელოდია. რაც შეეხება დაჯილდოების მეორე ლიდერს, ეს პუერტორიკოელი შემსრულებელი Bad Bunny-ია, რომლის ალბომმა - Debí Tirar Más Fotos-მა მთავარი პრიზი - წლის ალბომის ჯილდო მოიპოვა და გახდა პირველი ესპანურენოვანი გამარჯვებული ამ კატეგორიაში. Bad Bunny გამარჯვებულია კიდევ ორ ნომინაციაში - Best música urbana album-ისა და საუკეთესო მუსიკალური პერფომანსის შესრულებაში.

წლის საუკეთესო სიმღერის ჯილდო ბილი აილიშმა მიიღო, სიმღერისთვის WILDFLOWER, რომელიც ბილის 2024 წლის ცნობილი ალბომის - Hit Me Hard and Soft-ის ნაწილია. წლის საუკეთესო ახალი არტისტი ბრიტანელი მომღერალი ოლივია დინი გახდა, რომლის სიმღერები თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიის ჰიტებად იქცა. წლის საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომის გამარჯვებულია ლედი გაგა MAYHEM-ისთვის, წლის საუკეთესო პოპ’შემსრულებლის ჯილდო ერგო ლოლა იანგს, ხოლო დუეტის ან ჯგუფის პოპ შესრულებისთვის გამარჯვებულები არიან სინტია ერივო და არიანა გრანდე. წლევანდელი გრემის ცერემონიაზე ჯილდოები სულ 95 კატეგორიაში გაიცა. აღსანიშნავია, რომ წელს დაჯილდოებაზე დამსწრე უამრავი ვარსკვლავი და შემსრულებელი „ICE Out'' ნიშანს ატარებდა, რაც აშშ-ის მასშტაბით საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის რეიდების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს.


ფოტო: GRAMMYS, Vogue