თუკი ბუნებასთან სიახლოვე და ახალი სანახაობები, საინტერესო თავგადასავლები და აღმოჩენები გიყვართ, მაშინ აუცილებლად უნდა მოინახულოთ „საირმის რეკრეაციული ფერმა“ - მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და მდიდარი ეკოსისტემით გამორჩეული ადგილი, რომლის ყოველი კუთხე ბუნების სასწაულებს და ზღაპრულ ამბებს ინახავს. ეს შთამბეჭდავი გარემო ნებისმიერ მოგზაურსა და ბუნების მოყვარულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, დატკბეს უნიკალური ლანდშაფტის სილამაზით და ამავდროულად, გახდეს მასშტაბური, ისტორიული პროექტის თანამონაწილე. ფოტოგრაფმა რეზი ყენიამ ნაადრევი შემოდგომის შემდეგ, „საირმის რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორია ფირის ობიექტივით ზამთრის სეზონზეც აღბეჭდა და კიდევ უფრო ჯადოსნურ, გადათეთრებულ და ვიზუალურად შთამბეჭდავ გარემოში გვამოგზაურა. 

“როცა „საირმის რეკრეაციულ ფერმას“ პირველად ვესტუმრე, აღფრთოვანებული დავრჩი - ეს არის ადგილი, რომელიც შთაბეჭდილებების ქვეშ გტოვებს, მისი ბუნება კი გიპყრობს და ყოველ ნაბიჯზე კიდევ უფრო მეტად საინტერესო ხდება.
„საირმის რეკრეაციული ფერმა“ შემოდგომის სეზონზე აღვბეჭდე და მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ამ ადგილს ზამთარშიც გადავიღებდი. მქონდა ერთგვარი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი ჯადოსნური იქნებოდა თოვლიანი სეზონი აქ, თუმცა რეალობა ბევრად უფრო საინტერესო, შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა.
რეკრეაციული ფერმა ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, ნებისმიერ დროს საინტერესოა, თუმცა ზამთარში მას კიდევ უფრო იდუმალი ხასიათი აქვს“.
რეზი ყენიას ფირის ესთეტიკა განსხვავებულია როგორც ფერებით, ისე მზისა და ჩრდილის კონტრასტით, აქვს ბევრი თავისებურება და ფოტოებში უფრო კარგად იგრძნობა ადგილის რეალური ხასიათი. ნაადრევი შემოდგომის ფოტოები ხელოვანმა ფერად ფირზე აღბეჭდა და მასში ის ბუნებრივი ფერთა პალიტრის მრავალფეროვნება ჩანს, რომელიც რეკრეაციულ ფერმაში ყვავილობის დროს გვხვდება, ზამთრის ფოტოები კი შავ-თეთრ ფირზეა გადაღებული - კადრებში კარგად ჩანს ის მისტიკა, რაც ზამთრის ფერმას ახასიათებს.
“ამ ადგილს ვერაფერს შევადარებ, აქაური ბუნება არაფერს ჰგავს... ფერმის ზედა ტერიტორია ერთდროულად აერთიანებს როგორც გაშლილ, ისე ვიწრო ტყიან სივრცეებს, უნიკალურ ბუნებას, სადაც ყველაფერია იმისათვის, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შეიქმნა. ლანდშაფტის ხასიათი უმოკლეს დროში რადიკალურად იცვლება, რაც ძალიან საინტერესო და მართლაც უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. წყაროები, წიწვოვანი და ფოთლოვანი მასიური ტყე, ყვავილები და მცენარეები, მწვერვალები და ველები - ბუნების ამგვარი მრავალფეროვნება, ერთ სივრცეში თავმოყრილი ერთმანეთისაგან განსხვავებული ლანდშაფტი და ცალკეული ზონები ეფექტურ სანახაობას ქმნის და რეკრეაციულ ფერმას გამორჩეულ ადგილად აქცევს.






დაწერე კომენტარი