იტალიის თვალწარმტაც დოლომიტის ალპებში, უძველეს სოფელ სან ლორენცო დი სებასტოში ისტორიული სასტუმრო Castel Badia Hotel მდებარეობს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. საუკუნოვანი შენობა თავდაპირველად ბენედიქტელთა მონასტერი იყო, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტლად, საბოლოოდ კი სასტუმროდ გადაკეთდა. Castel Badia Hotel რამდენიმეწლიანი რემონტის და მასშტაბური რესტავრაციის შემდეგ, ოფიციალურად 2025 წლის დეკემბერში გაიხსნა. არქიტექტორებმა შეინარჩუნეს ნაგებობის უნიკალური, გოტიკური თაღოვანი ჭერი, რომანული სტილის ფანჯრები და სამლოცველოები, რომელთა კედლები დაფარულია XI და XII საუკუნეების ფრესკებითა და ნახატებით.

Castel Badia Hotel სულ 28 ნომერს აერთიანებს, თითოეული მათგანი ინდივიდუალური, ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინით არის შექმნილი, სადაც ისტორიული ელემენტები, ბუნებრივი მასალები და თანამედროვე დეტალები ერთმანეთს ერწყმის. აქვე წარმოდგენილია სამსართულიანი შალე, რომელიც ოდესღაც საგუშაგო კოშკი, 1693 წლიდან კი მონასტრის საცხობი იყო. ნატურალური ხე და ქვა, სპეციალურად შერჩეული ქსოვილები და ნეიტრალურ ფერთა პალიტრა სივრცის დახვეწილ დიზაინთან ერთად მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს განაპირობებს. სასტუმროს ორი რესტორანი აქვს, რომელთა კერძები ადგილობრივი ინგრედიენტებით და რეგიონული ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციით მზადდება, გასტრონომიულ მიმართულებას შეფმზარეული Alberto Toè ხელმძღვანელობს. 

როგორც აღვნიშნეთ, სასტუმროს საუკუნოვანი ისტორია აქვს, ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში, გრაფ Otwin von Lurngau-ს ანდერძის თანახმად, ციხესიმაგრემ მიიღო ის ფორმა, რომელიც შენობას დღემდე აქვს. 1598 წლის ხანძრისა და მრავალწლიანი არეულობის შემდეგ, მონასტერი 1785 წელს დაიშალა. მე-20 საუკუნის შუა ხანებში კნოტიგების ოჯახმა ციხესიმაგრე გააცოცხლა და სასტუმროდ აქცია. დღეს ეს ადგილი, რომელმაც წლებთან ერთად დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, ახალ თავს წერს, აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას თანამედროვე დიზაინთან და სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს.

Castel Badia Hotel-ში დასვენება ძველ ეპოქაში დაბრუნებასა და დროის სხვა განზომილებაში გადასვლას ჰგავს, აქ ყოველი კუთხე ზედმიწევნით არის აღდგენილი. სასტუმროს ნაწილია მე-12 საუკუნის რომანული St.Gottard-ის სამლოცველო და St.Vigilius-ის სამლოცველო, ციხის უძველესი ბირთვი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება. ისინი ინარჩუნებენ პირვანდელი არქიტექტურის კვალს, XI და XII საუკუნეების ფრესკებით მოხატულ კედლებს, რომლებიც ამჟამად სასტუმროს ესთეტიკის განუყოფელი ნაწილია. Castel Badia Hotel გარშემორტყმულია ბაღით, სადაც ადგილობრივი ჯიშის მცენარეები და ყვავილები უძველეს, იშვიათ სახეობებთან ერთად ხარობენ.


ფოტო: Castel Badia, Condé Nast Traveler