As Seen Below - The Dome ჯეიმს ტურელის იმერსიული სინათლის ინსტალაციაა, რომელიც ხელოვანის ცნობილი სერიის,  „Skyspace“-ის ნაწილს წარმოადგენს. სერია აერთიანებს ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც მნახველისთვის ცისა და სინათლის აღქმას სრულიად ახალ, ინტერაქციულ  გამოცდილებად აქცევს. 16 მეტრი სიმაღლისა და 40 მეტრი სიგანის ნამუშევარი ტურელის ყველაზე დიდი Skyspace ინსტალაციაა მუზეუმის სივრცეში, რაც აქამდე შეუქმნია. „Skyspace“ სერიაში ტურელს 80-ზე მეტი ინსტალაცია აქვს შექმნილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ყველაზე დიდი ინსტალაცია 19 ივნისიდან ARoS Aarhus-ში იქნება წარმოდგენილი.

As Seen Below - The Dome შექმნილია დიდ, ცილინდრულ სივრცეში - გუმბათით და ღია, გახსნილი ოკულუსით. სტუმრები მიწისქვეშა, სინათლით სავსე დერეფნის გავლით უზარმაზარ გუმბათოვან სივრცეში გადადიან, რომელიც ივსება ბუნებრივი სინათლითა და შიდა ფერადი განათებით. ინსტალაცია განსაკუთრებით ეფექტური და სანახაობრივია მზის ამოსვლისა და ჩასვლის პერიოდში, როდესაც ბუნებრივი და ხელოვნური სინათლე ერთმანეთს ერწყმის და მაყურებელში ფსიქოლოგიურ, მედიტაციურ მდგომარეობას იწვევს. ამ დროს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ბუნების რიტმი, გახსნილი ჭერიდან მაყურებელი ცისა და ფერების ცვლილებას დღისა და ღამის სხვადასხვა მონაკვეთში აკვირდება. ნამუშევრის მიზანია, რომ თითოეული სესია ერთგვარ “სენსორულ რიტუალად” იქცეს და ინსტალაცია გარდაიქმნას ადგილად, სადაც ბუნება და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის.