Helmut Lang ბრენდის ცნობილი Seen By სერიის ახალ კამპანიას ‘’Seen By Priscillia Saada’’-ს აქვეყნებს. ამჯერად მოდის სახლი ფრანგ ფოტოგრაფ Priscillia Saada-სთან თანამშრომლობს, რომელმაც ჯინსი არა როგორც მხოლოდ სამოსი, არამედ ურთიერთობებისა და დროის მეტაფორად წარადგინა. კამპანიაში მონაწილეობენ Monika Tatalovic და Ralph Denman, რომლებიც ფოტოგრაფმა ყოველდღიურ, რომანტიკულ მომენტებში აღბეჭდა და მის ობიექტივში თანაცხოვრების ბუნებრიობა ასახა. Priscillia Saada-ს მიერ გადაღებული, კინემატოგრაფიული ხასიათის ფოტოები მოკლემეტრაჟიანი ფილმის კადრებს მოგაგონებთ.

კამპანიაში წყვილმა Helmut Lang-ის 2026 წლის შემოდგომის კოლექციის სამოსი მოირგო, მათ შორისაა კლასიკური ჯინსები, Bootcut სილუეტები, მინი ქვედაბოლოები და მოკლე Trucker-ის ქურთუკი, რომლებიც წარმოდგენილია ვინტაჟურ ლურჯ, Matte white და Peony ფერებში. კამპანია იდეალურად ეხმიანება Helmut Lang-ის იდენტობას - მინიმალიზმს, ავთენტურობასა და რეალური ადამიანების ისტორიების წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ Helmut Lang აგრძელებს Seen By პროექტს და ყოველ სეზონზე ახალ ფოტოგრაფს მოიწვევს, რათა ახლებური ხედვით წარადგინონ ჯინსის კოლექცია. Priscillia Saada-მდე ამ სერიაში მონაწილეობდნენ ისეთი არტისტები და ფოტოგრაფები, როგორებიც არიან Ethan James Green, Paul Mpagi Sepuya, Jeremy Deller, Carlota Guerrero და Antwaun Sargent.