ვერსალში მარია ანტუანეტა ისევ ახალგაზრდაა, ისევ ვარდისფერი ატლასის კაბებში დადის, ისევ უსასრულო ტკბილეულის, ყვავილების, მუსიკისა და ოქროსფერი ინტერიერების სამყაროში ცხოვრობს. ოღონდ ამჯერად ეს ყველაფერი ეკრანზე კი არა, თავად იმ სივრცეში ხდება, სადაც სოფია კოპოლამ მისი საკულტო ფილმი გადაიღო. 

2026 წელს სოფია კოპოლას Marie Antoinette-ის პრემიერიდან 20 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ვერსალის სასახლე სპეციალური გამოფენით Petit Trianon-ში აღნიშნავს — სწორედ იმ ადგილას, რომელიც ფილმის გადაღებების ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია იყო. გამოფენა 22 სექტემბერს გაიხსნა და 2027 წლის 24 იანვრამდე გაგრძელდება.

AD_Making-Marie-Antoinette_1.jpg 215.26 KB
2006 წელს გამოსულმა ფილმმა მარია ანტუანეტას ისტორიული სახე სრულიად სხვა პერსპექტივიდან დაგვანახა. კოპოლასთვის ის მხოლოდ საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი არ იყო — ის იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც უცხო ქვეყანაში, უცხო წესებისა და მკაცრი სამეფო ეტიკეტის გარემოში აღმოჩნდა. ფილმი ისტორიულ ბიოგრაფიაზე მეტად გახდა ისტორია: მარტოობაზე, მოწყენილობაზე, ახალგაზრდობასა და საკუთარი იდენტობის ძიებაზე.
de321ef4-edec-4fc8-82b4-651d0bbba159.jpeg 462.44 KB
კოპოლას მარია ანტუანეტას სამყარო ისტორიულ სიზუსტესა და თანამედროვე პოპ-კულტურას შორის ცხოვრობს. პასტელისფერი კაბები, ექსტრავაგანტური ფეხსაცმელები, Ladurée-ს მაკარონები, ყვავილების უზარმაზარი კომპოზიციები და ანაქრონისტული მუსიკალური არჩევანი ერთ ვიზუალურ ენად იქცა. ფილმის კოსტიუმებისთვის მილენა კანონერომ 2007 წელს ოსკარი მიიღო, ხოლო თავად ფილმის ესთეტიკამ მოგვიანებით „Marie Antoinette style“-ის სახელით დამოუკიდებელი კულტურული გავლენა მოახდინა — მოდაში, დიზაინსა და ფოტოგრაფიაში.
ba537adf-57e2-4948-8e35-262a79ff4b16.jpeg 549.49 KB
გამოფენა სწორედ ამ ვიზუალური სამყაროს შექმნის პროცესს გვიჩვენებს. დამთვალიერებელი ნახავს ფილმში გამოყენებულ ორიგინალ კოსტიუმებს, რეკვიზიტებს, სცენარის ანოტირებულ გვერდებს, დეკორაციის ესკიზებსა და გადასაღები მოედნის ფოტოებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ ექსპონატები თავად Petit Trianon-ის ისტორიულ ინტერიერშია განთავსებული — იმავე სივრცეში, სადაც ფილმის სცენები გადაიღეს. გამოფენაზე ფილმის ფრაგმენტების ნახვაც შეიძლება იმ ოთახებში, სადაც ისინი შეიქმნა.

ამ ისტორიას კიდევ ერთი, განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს — ფოტოგრაფი ენდრიუ დარემი.

816176191_18101165024382656_5365704400083394720_n.jpg 2.16 MB
კოპოლას ახლო მეგობარმა გადაღებების პერიოდში გადასაღებ მოედანზე 1800-ზე მეტი ფოტო გადაიღო. Contax 35mm კამერით შესრულებული ეს კადრები ფილმის ოფიციალურ ვიზუალურ სამყაროში გვახედებს და გვიჩვენებს იმას, რაც კამერის მიღმა ხდებოდა: მსახიობებს, გადაღებებს, პაუზებს, დეკორაციებსა და იმ უცნაურ მომენტებს, როდესაც XVIII საუკუნის ვერსალი თანამედროვე სამყაროს ეჯახება.

დარემის ფოტოებში სწორედ ეს კონტრასტი ხდება ყველაზე საინტერესო. კირსტენ დანსტი და ჯეისონ შვარცმანი შესაძლოა  XVIII საუკუნის სამეფო სამოსით იდგნენ ვერსალის ინტერიერში, თუმცა მათ გვერდით თანამედროვე ყურსასმენები ან Apple-ის ლეპტოპი ჩნდება. ერთი შეხედვით შეუძლებელი კომბინაცია ზუსტად ისაა, რაც კოპოლას ფილმს თავიდანვე გამოარჩევდა.

725767406_17972412159113304_3546573796736119145_n.jpg 584.41 KB
ამ ფოტოარქივის ნაწილი ახლა Making Marie Antoinette-ის სახითაც გამოიცა — წიგნში, რომელიც კოპოლას საკუთარ გამომცემლობას - Important Flowers-ს ეკუთვნის. გამოცემა აერთიანებს დარემის backstage ფოტოებს, ფილმის შექმნის ისტორიას და კოპოლასა და ფოტოგრაფს შორის საუბარს. პარალელურად, ფილმის 20 წლის იუბილეს კიდევ ერთი პროექტი — კოპოლას დედის, ელეონორ კოპოლას მიერ გადაღებული 80 საათზე მეტი backstage მასალისგან შექმნილი დოკუმენტური ფილმი — ამ ისტორიის კულისებს კიდევ უფრო ფართოდ გახსნის.

ვერსალის გამოფენა, საბოლოოდ, მხოლოდ ერთი ფილმის making-of არ არის. ის გვიყვება იმაზე, თუ როგორ შეიძლება ისტორიული პერსონა თანამედროვე კულტურის ნაწილად ხელახლა დაიბადოს. კოპოლამ მარია ანტუანეტას შესახებ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი მითები ერთ ვიზუალურ სამყაროდ აქცია — სამყაროდ, სადაც სამეფო სასახლე შეიძლება ერთდროულად იყოს ისტორიული მუზეუმიც და პოპ-კულტურის სცენაც.