ფოტოგრაფი, რომელმაც მოდის გამოსახულება რადიკალურად შეცვალა და კამერა ძალაუფლების, სექსუალობისა და სოციალური როლების კვლევის ინსტრუმენტად აქცია.

არსებობენ ფოტოგრაფები, რომლებიც სილამაზეს აფიქსირებენ, და არსებობენ ისინი, ვინც თავად ცვლიან წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ლამაზი. ჰელმუტ ნიუტონი მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. მისმა შავ-თეთრმა ფოტოებმა, მონუმენტურმა სილუეტებმა და თეატრალიზებულმა კომპოზიციებმა მოდის ფოტოგრაფია უბრალო ესთეტიკური სავარჯიშოს საზღვრებს მიღმა გაიყვანა. ნიუტონისთვის მოდა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ტანსაცმელი. ეს იყო სცენა, რომელზეც ძალაუფლება, სურვილი, სოციალური სტატუსი და სექსუალობა ერთმანეთს უპირისპირდებოდა.

d052f2f3-ceb5-4f4c-bda6-4174ecb6ec88.jpeg 390.42 KB
მის ფოტოებში ქალები იშვიათად ჩანან როგორც დეკორატიული ფიგურები. ისინი იკავებენ სივრცეს, აკონტროლებენ მზერას და კამერის წინაშე საკუთარი სხეულის წარმოჩენის წესებს თავად განსაზღვრავენ. თუმცა ნიუტონის სამყაროში ძალაუფლება არასოდეს არის ერთმნიშვნელოვანი: თავდაჯერებულობას თან ახლავს მოწყვლადობა, ელეგანტურობას - საფრთხე, ხოლო პროვოკაციას - ირონია. სწორედ ამ წინააღმდეგობებში იბადება მისი ფოტოგრაფიის განსაკუთრებული ენერგია, რომელმაც მეოცე საუკუნის ვიზუალური კულტურა გარდაქმნა.

ნიუტონის შემოქმედება ერთდროულად არის მოდის ისტორიის მნიშვნელოვანი თავი და თანამედროვე საზოგადოების ფარული ფანტაზიების ფოტოგრაფიული არქივი.

T7.-Helmut-Newton.-Elsa-Peretti-as-a-Bunny.-New-York,-1975-��-Helmut-Newton-Foundation.jpg 374.49 KB
ბერლინიდან პარიზამდე - ფოტოგრაფის ჩამოყალიბება


ჰელმუტ ნიუტონი 1920 წელს ბერლინში, ებრაულ ოჯახში, ჰელმუტ ნოიშტედტერის სახელით დაიბადა. ფოტოგრაფიისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში გაუჩნდა, ხოლო 16 წლისამ პროფესიული განათლება გერმანელ ფოტოგრაფ ივას (Yva, ნამდვილი სახელი - ელზე სიმონი) სტუდიაში დაიწყო. ივა პორტრეტისა და მოდის ფოტოგრაფიაში მუშაობდა და ახალგაზრდა ნიუტონისთვის მნიშვნელოვანი მენტორი აღმოჩნდა.

1938 წელს, ნაცისტური რეჟიმის პირობებში, ნიუტონს გერმანიის დატოვება მოუწია. მან ევროპა გემით დატოვა, გარკვეული პერიოდი სინგაპურში გაატარა, შემდეგ კი ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად. ომის შემდეგ მელბურნში ფოტოსტუდია გახსნა და თანდათან პროფესიული კარიერა განავითარა. 1948 წელს მსახიობ ჯუნ ბრანელზე დაქორწინდა, რომელიც მოგვიანებით ფოტოგრაფ ალის სპრინგსის სახელით გახდა ცნობილი და საკუთარი შემოქმედებით ფოტოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

Helmut-Newton-Portraits8.jpg 258.5 KB
ნიუტონის პროფესიული გზა საერთაშორისო აღიარებისკენ 1950-იან წლებში დაიწყო. ის ავსტრალიურ გამოცემებთან თანამშრომლობის შემდეგ ბრიტანულ Vogue-ში გადავიდა სამუშაოდ, ხოლო 1961 წელს პარიზში დაბრუნდა და ფრანგული Vogue-ის მუდმივი ფოტოგრაფი გახდა. სწორედ პარიზში, მოდის, ხელოვნებისა და კულტურული ცვლილებების ეპიცენტრში, ჩამოყალიბდა მისი ვიზუალური ენა, რომელიც მოგვიანებით მოდის ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხელწერად იქცა.

ნიუტონის კარიერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიასთან სიახლოვე, არამედ მისი უნარი, კომერციული დავალება პირად მხატვრულ განცხადებად ექცია. ის თავად საკუთარ თავს ზოგჯერ gun for hire-ს - დაქირავებულ ფოტოგრაფს - უწოდებდა. თუმცა ბრენდებისა და ჟურნალებისთვის შექმნილი ნამუშევრები ხშირად სცდებოდა დამკვეთის თავდაპირველ მიზანს: ტანსაცმელი მის ფოტოებში სიუჟეტის ნაწილი ხდებოდა, ხოლო მთავარი მოქმედება სხეულის, გარემოსა და მზერის ურთიერთობაში ვითარდებოდა.

7_helmut_newton_italian_vogue_lake_como_1996_alfa_romeo_spider_2.0_copyright_helmut_newton_foundation.jpg 279.5 KB
ქალი, რომელიც კადრს მართავს


ნიუტონის შემოქმედების ცენტრში ქალია - ძლიერი, თავდაჯერებული, სექსუალური და ხშირად მიუწვდომელი. მისი მოდელები იშვიათად შეესაბამებიან ტრადიციული მოდის ფოტოგრაფიის მოლოდინს, რომელშიც ქალი მაყურებლისთვის შექმნილი იდეალური სილამაზის მატარებელია. ნიუტონის პერსონაჟები უფრო რთული და წინააღმდეგობრივები არიან: ისინი თითქოს თავად წყვეტენ, როდის გამოჩნდნენ, როგორ წარმოაჩინონ საკუთარი სხეული და რა დისტანცია შეინარჩუნონ დამკვირვებელთან.

მის სამყაროში ქალი ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე გარემო მოითხოვს; მისი მზერა პირდაპირია, პოზა - მკვეთრი, სხეული კი კომპოზიციაში არა როგორც პასიური ობიექტი, არამედ როგორც ძალაუფლების წყარო ისე ჩანს. მოდელები იკავებენ სივრცეს, რომელიც მანამდე ტრადიციულად მამაკაცურ ავტორიტეტთან ასოცირდებოდა - სასტუმროს ლუქსებში, მდიდრულ ინტერიერებსა და ურბანულ პეიზაჟებში.

Rue-Aubriot-Yves-Saint-Laurent-French-Vogue-Paris-1975-Helmut-Newton-©-The-Helmut-Newton-Estate--Maconochie-Photography.jpg 770.78 KB
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნიუტონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოში, Rue Aubriot (1975). პარიზის ღამის გარემოში, Yves Saint Laurent-ის Le Smoking-ში გამოწყობილი მოდელი ელეგანტურობისა და სექსუალობის უჩვეულო სინთეზს ქმნის. 

ეს გამოსახულება მოდის ფოტოგრაფიისთვის მნიშვნელოვან კულტურულ მომენტს ასახავს. ტანსაცმელი აქ მხოლოდ სტატუსის აღმნიშვნელი აღარ არის. ნიუტონის ქალები ყოველთვის არ ცდილობენ, იყვნენ სასურველები ტრადიციული გაგებით - ისინი თავად განსაზღვრავენ სურვილის პირობებს.

HN-Retro-Verseau-Vogue-France-1979-HR.jpeg 350.73 KB
თუმცა სწორედ ამაში იმალება მისი შემოქმედების მთავარი წინააღმდეგობაც. რამდენად თავისუფალია ქალი, როდესაც მის გამოსახულებას  ფოტოგრაფი მამაკაცი ქმნის? რამდენად ეკუთვნის მას საკუთარი სექსუალობის წარმოდგენა და რამდენად რჩება ის მაყურებლის მზერის ობიექტად?

ნიუტონის ფოტოგრაფია ამ კითხვებს საბოლოო პასუხს არ სთავაზობს. მისი ძალა სწორედ ის არის, რომ მაყურებელს ამ გაურკვევლობის წინაშე ტოვებს. ერთი და იგივე გამოსახულება შეიძლება აღვიქვათ როგორც ქალის ძალაუფლების დემონსტრაცია ან როგორც მისი სხეულის ობიექტივაცია. ეს ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობა კი ნიუტონის შემოქმედების განხილვას დღემდე აქტუალურს ხდის.

9_Helmut-Newton_Claudia-Schiffer,-Vanity-Fair_Menton-1992_copyright-Helmut-Newton-Estate.jpg 226.21 KB
პროვოკაცია, როგორც ვიზუალური ენა


1970-იანი წლები ნიუტონის შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდია. მოდის ფოტოგრაფია ამ დროს თანდათან შორდებოდა სტუდიური, იდეალიზებული სილამაზის ტრადიციას და უფრო რთულ, ნარატიულ ფორმებს იძენდა. ნიუტონმა ამ პროცესში საკუთარი, რადიკალურად ამოსაცნობი ენა შექმნა: ეროტიკა, იუმორი, ძალაუფლება და კინემატოგრაფიული დრამატურგია მის კადრებში ერთიანდებოდა.

მისი ფოტოები ხშირად სცენებს ჰგავს ფილმიდან, რომლის დასაწყისიც და დასასრულიც მაყურებლისთვის უცნობია. პერსონაჟები თითქოს რაღაცის შემდეგ ან რაღაცის მოლოდინში არიან. დახურული კარები, სასტუმროს ნომრები, მიწისქვეშა ავტოსადგომები, ცარიელი ქუჩები და ღამის განათება ქმნის გარემოს, სადაც ყოველდღიური რეალობა იდუმალ, თითქმის კრიმინალურ ატმოსფეროდ გარდაიქმნება.

T11.-Helmut-Newton.-Italian-Vogue.-Como,-Italy,-1996-��-Helmut-Newton-Foundation.jpg 318.57 KB
ნიუტონისთვის სიბნელე მხოლოდ ვიზუალური ეფექტი არ იყო. ის საშუალებას აძლევდა, ნაცნობი სივრცეები გაუცხოებულიყო და ჩვეულებრივ გარემოში დამალული დაძაბულობა გამოევლინა. მის ფოტოებში ფუფუნება ყოველთვის მშვიდი და კომფორტული არ არის. ძვირადღირებული სასტუმრო შეიძლება მარტოობის სივრცედ იქცეს, დიზაინერული კოსტიუმი - ძალაუფლების სიმბოლოდ, ხოლო ელეგანტური ინტერიერი - სცენად, სადაც რაღაც სახიფათო ხდება.

მისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება სწორედ ამ ესთეტიკური წინააღმდეგობების კონტროლია. ნიუტონის კადრები დახვეწილია, მაგრამ არა ყოველთვის სასიამოვნო; კომპოზიციის სიზუსტე, სხეულის მოძრაობა, განათება და სივრცის ორგანიზება ქმნის განცდას, რომ ფოტოზე გამოსახული სამყარო მთლიანად დადგმულია, თუმცა ამ დადგმის მიღმა რაღაც დაუმორჩილებელი იმალება.

1975 წელს გადაღებულმა ფოტოსერიამ The Story of Ohhh..., რომელიც ამერიკულ Vogue-ში გამოქვეყნდა, მკითხველთა ნაწილის მწვავე რეაქცია გამოიწვია. ნიუტონი მოდის ჟურნალის სივრცეში ეროტიკულ ნარატივს ისე ამკვიდრებდა, რომ ტანსაცმელი ზოგჯერ სიუჟეტის მხოლოდ ერთ-ერთ ელემენტად რჩებოდა. ფოტოგრაფია აღარ იყო უბრალოდ პროდუქტის წარმოჩენის საშუალება - ის სურვილის, ფანტაზიისა და სოციალური ტაბუების კვლევის დამოუკიდებელ ფორმად იქცა.

10_Helmut-Newton-Yves-Saint-Laurent-Paris-1993_copyright-Helmut-Newton-Estate.jpg 283.2 KB
White Women, Sleepless Nights და Big Nudes - სამი წიგნი, რომლებმაც ეპოქა განსაზღვრა


ნიუტონის შემოქმედების გასაგებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სამი ფოტოწიგნი: White Women (1976), Sleepless Nights (1978) და Big Nudes (1981). ეს გამოცემები არა მხოლოდ მისი კარიერის საკვანძო ეტაპებს აღნიშნავს, არამედ აჩვენებს, როგორ გარდაქმნა მან მოდის ფოტოგრაფია საავტორო ვიზუალურ ნარატივად.

White Women ნიუტონის პირველი დიდი ფოტოწიგნი იყო. მასში თავმოყრილი ნამუშევრები აერთიანებს მოდის ფოტოგრაფიას, შიშველი სხეულის გამოსახულებებსა და დადგმულ სცენებს. ქალი აქ ერთდროულად არის სილამაზისა და ძალაუფლების მატარებელი. წიგნმა ნიუტონის სახელი ფოტოგრაფიის საერთაშორისო სამყაროში კიდევ უფრო გაამყარა.

Sleepless Nights ამ ვიზუალურ სამყაროს უფრო ბნელ და ფსიქოლოგიურად რთულ განზომილებას სძენს. მოდელები ზოგჯერ ორთოპედიულ კორსეტებში არიან გამოწყობილი, ზოგჯერ - უჩვეულო აქსესუარებით ან სხეულის მოძრაობას შემზღუდველი დეტალებით. ტანსაცმელი და სხეული აქ ერთმანეთისგან განცალკევებული ცნებები აღარ არის: სამოსი შეიძლება იქცეს შეზღუდვის, დისციპლინის ან ძალაუფლების სიმბოლოდ. 

1981 წელს გამოცემული Big Nudes მის კარიერაში კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. წიგნის მონუმენტური, დიდი ფორმატის შიშველი პორტრეტები ადამიანის სხეულს ფოტოგრაფიული გამოსახულების მთავარ არქიტექტურულ ელემენტად აქცევს. ფიგურები მაყურებლის წინაშე თითქმის სკულპტურული მასშტაბით ჩნდება. მათი პოზები, განათება და კამერასთან მიმართება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სხეული სივრცეს იკავებს და თავად განსაზღვრავს მის საზღვრებს.

ამ ნამუშევრებში ნიუტონი მოდის ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ტრადიციულ წესს არღვევს: სხეული აღარ არის მხოლოდ სამოსის წარმოსაჩენად გამოყენებული ფორმა. ის ხდება დამოუკიდებელი გამოსახულება, რომელსაც საკუთარი დრამატურგია და ძალაუფლება აქვს.

სამივე წიგნმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნიუტონის, როგორც ავტორის, ჩამოყალიბებაში. მისი ფოტოები ჟურნალების გვერდებიდან საგამოფენო სივრცეებსა და ხელოვნების კოლექციებში გადავიდა. კომერციულმა ფოტოგრაფიამ დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულება შეიძინა, ხოლო მოდის გამოსახულება კულტურული დისკუსიის საგნად იქცა.

7_Helmut-Newton-Thierry-Mugler-Milan-1998_copyright-Helmut-Newton-Estate.jpg 269.64 KB
ესთეტიკა, რომელიც კამერის მიღმა იწყება


ნიუტონის ფოტოგრაფიის ვიზუალური ენა მკაცრ კონტროლსა და გააზრებულ კომპოზიციაზეა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფოტოები ხშირად სპონტანურობისა და დაუგეგმავი სიტუაციის შთაბეჭდილებას ქმნის, მათში თითქმის ყველაფერი გააზრებულია: მოდელის პოზა, კამერის სიმაღლე, განათების მიმართულება, ტანსაცმლის სილუეტი და გარემოსთან სხეულის ურთიერთობა.

შავ-თეთრი გამოსახულებები მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მკვეთრი კონტრასტი სხეულს, ქსოვილსა და არქიტექტურულ ელემენტებს შორის ხაზებს აძლიერებს და კომპოზიციას გრაფიკულ სიცხადეს ანიჭებს. ამავე დროს, ნიუტონის ფერად ფოტოებშიც იგრძნობა მსგავსი მიდგომა: ფერი ხშირად არა დეკორატიული სიმდიდრისთვის, არამედ კონკრეტული განწყობისა და ფსიქოლოგიური ეფექტის შესაქმნელად გამოიყენება.

მისი გარემოებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ამ სივრცეებში ჩნდებიან. მონაკოსა და პარიზის სასტუმროები, თანამედროვე ინტერიერები, სამშენებლო მოედნები და მიწისქვეშა ავტოსადგომები ნიუტონის ფოტოგრაფიაში თანაბარი მნიშვნელობის მქონე სცენებია. ამ კონტრასტებში ნიუტონი განსაკუთრებულ ვიზუალურ დრამას პოულობდა.

სწორედ ამ თვისების გამო მისი ნამუშევრები მოდის ფოტოგრაფიის საზღვრებს სცდება. ნიუტონი არ გვიჩვენებს მხოლოდ იმას, თუ როგორ გამოიყურება სამოსი. ის გვიჩვენებს, რა შეიძლება ნიშნავდეს მისი ტარება, რა ფანტაზიებს წარმოშობს და როგორ იცვლება ადამიანის აღქმა გარემოსა და სხვა ადამიანების მზერის გავლენით.

10_Helmut-Newton_Madonna_Vanity-Fair_1990_copyright-Helmut-Newton-Estate.jpg 66.37 KB
სად მთავრდება ძალაუფლება და იწყება ობიექტივაცია?


ერთი მხრივ, ნიუტონის ქალები ხშირად არღვევენ ტრადიციულ გენდერულ როლებს. ისინი დომინანტურ პოზიციებს იკავებენ, თავისუფლად გამოხატავენ სექსუალობას და უარს ამბობენ მორჩილი, პასიური სილამაზის სტანდარტზე. მეორე მხრივ, მათი სხეულები ხშირად წარმოდგენილია ეროტიკული, ფეტიშისტური ესთეტიკით, რაც კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ ვისთვის იქმნება ეს გამოსახულებები და ვის სურვილებს ემსახურება ისინი.

ეს დისკუსია ნიუტონის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღესაც გრძელდება. ზოგიერთი მოდელი მის ფოტოგრაფიაში საკუთარი თავდაჯერებულობისა და ძალაუფლების განცდას ხედავდა; კრიტიკოსები კი მის ნამუშევრებში ქალის ობიექტივაციისა და სექსუალიზებული სტერეოტიპების გამყარების საფრთხეს უსვამდნენ ხაზს.

ამ წინააღმდეგობების უგულებელყოფა ნიუტონის შემოქმედების ზედაპირულ წაკითხვას ნიშნავს. მისი ფოტოები არც მხოლოდ ემანსიპაციის მანიფესტია და არც მხოლოდ ეროტიკული ფანტაზიის ილუსტრაცია. ისინი ძალაუფლების რთულ, ზოგჯერ არასასიამოვნო დადგმებს წარმოადგენს, რომელთა მნიშვნელობაც იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ უყურებს მათ, რა ისტორიული კონტექსტიდან და რა გამოცდილებით.

ნიუტონის შემოქმედების აქტუალობა სწორედ ამ დისკომფორტის შენარჩუნებაშია. ის მაყურებელს არ სთავაზობს მარტივ მორალურ პოზიციას. პირიქით, გვაიძულებს, დავაკვირდეთ საკუთარ მზერას და ვკითხოთ საკუთარ თავს, რატომ აღვიქვამთ კონკრეტულ სხეულს ძლიერად, სექსუალურად, დაუცველად თუ მიუწვდომლად.

GettyImages-83279100.jpg 286.62 KB
მემკვიდრეობა, რომელიც კვლავ მოქმედებს


2004 წელს ჰელმუტ ნიუტონი ლოს-ანჯელესში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა მისი შემოქმედება კვლავაც განსაზღვრავს ფოტოგრაფიის, მოდისა და ვიზუალური კულტურის შესახებ დისკუსიას.

2003 წელს, სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მან ბერლინში ჰელმუტ ნიუტონის ფონდის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. ფონდი მიზნად ისახავს ჰელმუტისა და ჯუნ ნიუტონების ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და წარმოჩენას. მისი საქმიანობა მოიცავს გამოფენებს, საარქივო მასალების დაცვასა და ნიუტონის ნამუშევრების სხვა ფოტოგრაფების შემოქმედებასთან დიალოგში წარმოდგენას. 

ნიუტონის გავლენა მხოლოდ მოდის ფოტოგრაფიის ისტორიით არ შემოიფარგლება. მისი კინემატოგრაფიული მიდგომა, სხეულისა და სივრცის ურთიერთობისადმი ინტერესი და პროვოკაციის მიმართ დამოკიდებულება დღემდე რეზონიორებს მოდის კამპანიებში, სარედაქციო ფოტოგრაფიასა და ვიზუალური თხრობის თანამედროვე ფორმებში.

ჰელმუტ ნიუტონის ფოტოები დღესაც გვიზიდავს. მის კადრებში სილამაზე არასოდეს არის მხოლოდ სილამაზე. ეს არის განცხადება, პროვოკაცია და ზოგჯერ გამოწვევაც მაყურებლის მიმართ, რომელიც ფოტოს წინაშე დგას და ცდილობს გაარკვიოს, სინამდვილეში ვინ აკონტროლებს ამ სცენას.

და შესაძლოა, სწორედ ამ კითხვაში იმალება ნიუტონის შემოქმედების ყველაზე ძლიერი მხარე: მისი ფოტოები არ გვაძლევს საშუალებას, უბრალოდ შევხედოთ, არამედ გვაფიქრებს, თუ როგორ ვუყურებთ.