ექსპერიმენტული მოდისა და თანამედროვე მხატვრული ფოტოგრაფიის სფეროში ელიზავეტა პოროდინა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოგრაფია, რომელიც ნამუშევრებს სიურრეალისტურ ელემენტებსა და სიმბოლურ ნარატივებს მატებს. პოროდინას შემოქმედებაში მოდის, სახვითი ხელოვნებისა და დოკუმენტური ფილმების გავლენა ერთმანეთს ერწყმის, მისი ნამუშევრები ხელოვნებასა და მოდის ფოტოგრაფიას შორის ზღვარს შლის და ღრმა, ენიგმატურ და იდუმალ, ზოგჯერ ბუნდოვან სამყაროს ქმნის.
მრავალფეროვანი სტილის გამოყენებით, ბნელი, კინემატოგრაფიული პორტრეტებიდან დაწყებული, სიზმრისეული კომპოზიციებით დამთავრებული, პოროდინას ფოტოგრაფია მნახველს დროსა და სივრცეში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. ფსიქოლოგიისა და ემოციებით გამოწვეული ქცევისადმი დიდი ინტერესით, პოროდინამ ფოტოგრაფია ადამიანებთან ურთიერთობის მხატვრულ საშუალებად აირჩია. სწორედ ფსიქოლოგიაში მიღებული გამოცდილებით, პოროდინა ფოტოგრაფიას ქვეცნობიერის შესწავლის საშუალებად იყენებს და ნამუშევრებს ადამიანების გამოცდილებასთან და მის სირთულეებთან აკავშირებს.
პოროდინას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია ‘’Un/Masked“, რომლის გამოსახულებები ადამიანების „ნიღაბს მიღმა“ არსებულ ემოციურ სივრცეს იკვლევს. პროექტი მოიაზრებს პასუხის გაცემას შეკითხვაზე, თუ ვინ ვართ ჩვენი ნიღბის მიღმა... ზოგადად, პოროდინას თითოეული პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელშიც ხელოვანი ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტებს აერთიანებს და მნახველს შესაძლებლობას აძლევს განსხვავებული, არაორდინალური სამყარო აღმოაჩინოს. „ბავშვობიდან მომწონს ისეთი სურათების შექმნა, რომლებიც ემოციებს, იზოლაციას და სულს, სხეულსა და გონებას შორის კავშირს ასახავს“. - აღნიშნავს პოროდინა.
წლებთან ერთად პოროდინას უნიკალური და იდუმალი ფოტოგრაფიული სტილი ისე ჩამოყალიბდა, რომ დიდი აღიარება მოიპოვა. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, მსოფლიოს მასშტაბით გამართა პერსონალური გამოფენები და მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. პოროდინა თანამშრომლობს ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიცაა Armani, Dior, Chanel, Carolina Herrera, Hermès და Jean Paul Gaultier.






დაწერე კომენტარი