მოდის ფოტოგრაფიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული დუეტია მერთ ალასი და მარკუს პიგო - ცნობილი როგორც Mert & Marcus - ისინი 30 წელზე მეტია წარმატებით თანამშრომლობენ. მერთისა და მარკუსის ხელწერას განსაზღვრავს ჰიპერრეალისტური, კინემატოგრაფილი სტილი, ფოტოების დრამატული ხასიათი, დახვეწილი და მრავალფეროვანი ტექსტურები, განათება და ფერები. მათი ფოტოების უმეტესობა თავდაჯერებულ, ძლიერ ქალებსა და მათ სილამაზეს ასახავს, მერთ ალასი კი მათ ნამუშევრებს აღწერს, როგორც გაქცევას, რომელსაც უფრო მეტად ფანტაზია ამოძრავებს, ვიდრე რეალობა.

მერთ ალასი და მარკუს პიგო ერთმანეთს 1994 წელს ინგლისში, ჰასტინგსში გამართულ წვეულებაზე შეხვდნენ. ამ დრომდე, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ისინი სხვადასხვა, სრულიად განსხვავებულ სფეროში მუშაობდნენ, თუმცა პირველი შეხვედრისთანავე აღმოაჩინეს, რომ ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ, მათ შორის - ფოტოგრაფია და მოდის სიყვარული. 1997 წელს ლონდონში საერთო სტუდია დააფუძნეს და მალევე გადაიღეს პირველი ფოტოსესია, რომელიც მათ სადებიუტო ნამუშევრად იქცა.

მრავალფეროვანი სტილით გამორჩეული დუეტი ძალიან ხშირად თანამშრომლობს ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიც არიან Saint Lauren, Gucci, Fendi, Miu Miu, Giorgio Armani, Roberto Cavalli და Givenchy. მათ ობიექტივში კი არაერთხელ მოხვედრილან ცნობადი სახეები, მათ შორის - ქეით მოსი, ლინდა ევანჯელისტა, ჟიზელ ბუნჰენი, მადონა და ბიორკი. 

2017 წელს მერთმა და მარკუსმა Taschen-თან თანამშრომლობით, თავიანთი პირველი რეტროსპექტიული წიგნი - "Mert Alas and Marcus Piggott" გამოსცეს, რომელშიც მათი ერთობლივი 300 წარმატებული და ცნობილი ფოტოსურათი გააერთიანეს. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფიული დუეტი მუდმივად აქცენტს აკეთებს მკვეთრ კონტრასტზე, ფერების ფართო სპექტრსა და მრავალფეროვან პალიტრაზე, ფოტოების დეტალებსა და განათებაზე, რომელიც მათ სურათებს კინემატოგრაფიულ იერს სძენს. აღსანიშნავია, რომ მათი ხელწერა ხშირად ჰელმუტ ნიუტონისა და გაი ბურდინის ფოტოგრაფიას მოგვაგონებს. მიუხედავად იმისა, რომ მერთი და მარკუსი ხშირად პერსონალურ პროექტებზეც მუშაობენ, მათი თანამშრომლობა დღემდე გრძელდება და თავიანთი შემოქმედებით მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევიან.