გამორჩეული ვიზუალური ხელწერითა და უნიკალური ხედვით ცნობილი იორგოს ლანთიმოსი, რომელმაც კინოინდუსტრიაში თავისი დამახასიათებელი სამყარო შექმნა, მის შემოქმედებას კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას სძენს და ფოტოგრაფიულ გამოცდილებას გვიზიარებს. ლოს-ანჯელესში მდებარე Mack + Webber 939 გალერეაში 29 მარტს იორგოს ლანთიმოსის ფოტოგრაფიისადმი მიძღვნილი პირველი გამოფენა გაიხსნა, რომელიც დამთვალიერებლებს 18 მაისამდე უმასპინძლებს.
სხვადასხვა პეიზაჟთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია პორტრეტები, შეხვდებით ემა სტოუნის, მარგარეტ კოუელის, უილიამ დეფოს, ჯესი პლემონსისა და ჰანტერ შაფერის ფოტოებს. თითოეული ფოტო ისევ და ისევ ლანთიმოსის დამახასიათებელ სამყაროს და განსხვავებულ ხედვას უსვამს ხაზს და უმეტესად უცნაურ, მისტიკურ და ამოუხსნელ ხასიათს ატარებს. გარდა ნიუ ორლეანისა და ბუდაპეშტისა, ზოგიერთი ფოტო გადაღებულია ლონდონში, ლისაბონში, ალექსანდრიასა და პარიზში.
‘’ფოტოგრაფია ჩემთვის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და მსურს მასზე მეტად გავამახვილო ყურადღება, განსაკუთრებით ახლა, როცა ზედიზედ სამი ფილმის გადაღების შემდეგ ვისვენებ. ფილმის გამოშვება უფრო გრანდიოზული მოვლენაა, ვიდრე ფოტოგამოფენის მოწყობა, მაგრამ საკუთარი ნამუშევრის საზოგადოებისთვის წარდგენის მღელვარება და შფოთვა ერთნაირია - იქნება ეს კინოს ეკრანზე თუ გალერეის კედელზე.’’ - აღნიშნავს იორგოს ლანთიმოსი.
ფოტო: Yorgos Lanthimos / MACK
დაწერე კომენტარი