Louis Vuitton-ისა და იაპონელი ხელოვანის, ტაკაში მურაკამის მრავალწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, ჰონგ კონგის Art Basel-ზე მოდის სახლმა გამოფენა წარადგინა, რომელიც მურაკამის კალეიდოსკოპურ სამყაროში გვამოგზაურებს - ხელოვანის მულტიდისციპლინური ნამუშევრებით, სკულპტურებით, სხვადასხვა ეპოქის ნახატებით, ტექსტილის ნიმუშებით და Louis Vuitton-ისთვის შექმნილი მრავალფეროვანი კოლექციებით. მურაკამის და Louis Vuitton-ის კოლაბორაციებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც მოდაზე, ისე თანამედროვე ხელოვნებაზე. მათი თანამშრომლობა 2003 წელს დაიწყო, როდესაც ხელოვანმა Monogram Multicolore ხაზის ჩანთების მონოგრამული დიზაინისთვის ნახატები და სკულპტურები შექმნა. 


გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის სწორედ პირველი კოლაბორაციის შედეგს  - Monogram Multicolore Marilyn Trunk ჩანთასაც შეხვდებოდით, რომელიც ხელოვანმა მოდის სახლის იმ დროინდელ შემოქმედებით ხელმძღვანელთან - მარკ ჯეიკობსთან თანამშრომლობით 33 ფერისა შექმნა. ასევე ვიხილეთ 2008 წელს შექმნილი Monogramouflage-ის ნიმუშები, ფართომასშტაბიანი ქანდაკებები - "Zoucho-kun" და ‘’Tamon-kun", რომლებიც Fondation Louis Vuitton-ის მუდმივმოქმედ კოლექციას ეკუთვნის. გამოფენის ნაწილია მურაკამის და Louis Vuitton-ის ერთობლივი, ახალი კოლექცია Cherry Blossom, რომელიც 2025 წლის მარტში გამოვიდა და ჩანთებს, შარფებსა და სხვადასხვა აქსესუარებს მოიცავს. 

Louis Vuitton × Murakami გამოფენამ 200-ზე მეტი დიზაინი გააერთიანა და ხაზი გაუსვა თანამედროვე დიზაინის ელემენტებისა და მოწინავე ტექნოლოგიების შერწყმას. მურაკამის შექმნილი ნამუშევრები ასახავს მის ხელწერას და გამორჩეულ სტილს, იაპონური და დასავლური ესთეტიკის სინთეზსა და ბალანსს კომერციულ და კონცეპტუალურ ნამუშევრებს შორის. 


ფოტო: Art Basel, Icon