ჰიპერრეალისტური, ფართომასშტაბიანი ნამუშევრებით ცნობილი ავსტრალიელი ხელოვანი Cj Hendry წარმოადგენს გამოფენას, სახელწოდებით "Keff Joons", რომელიც დიდი ზომის, 50 გასაბერი ბუშტისგან შექმნილ ახალ ინსტალაციას მოიცავს და დამთვალიერებლებს ინტერაქციულ გამოცდილებას სთავაზობს. სხვადასხვა ფერის მასიური მილები ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ერთგვარ ‘’ბუშტების კვანძს" ქმნის, ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს ბუშტებში თავისუფლად იმოძრაონ და ახლოდან გაეცნონ ხელოვანის მიერ შექმნილ ფერად და საინტერესო გარემოს.

IMG_1027.PNG 153.75 KB

ინსტალაცია გამოფენის მთავარი ნაწილია და ფერადი ბუშტები თითქმის მთლიანად ავსებს სივრცეს, ერთდროულად მხიარული და ქაოსური ნამუშევრით ხელოვანი იკვლევს სიხარულისა და ნოსტალგიის თემებს და გავლენას ახდენს მონაწილეების მიმართულების, წონისა და პროპორციის შეგრძნებაზე. Cj Hendry-ის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით ბუშტებით შექმნილ ნამუშევრებს ერთმანეთისგან განსხვავებული მახასიათებლებითა და კონცეფციით. ზოგადად, ხელოვანისთვის დამახასიათებელია ჰიპერრეალისტური ნახატები, რომლებიც ხშირად ყოველდღიურ საგნებს ასახავს, თუმცა ახალი გამოფენით იგი უფრო კონცეპტუალურ და ინტერაქციულ მიდგომას გვთავაზობს და ბუშტებს სიხარულისა და ნოსტალგიის სიმბოლოდ წარმოაჩენს. ინსტალაციის გარდა გამოფენაზე წარმოდგენილია ორიგინალური ნახატები, პრინტები და სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის - მაისურები, ქუდები, მაგნიტები და მრავალფეროვანი კომპლექტები.