Taschen-ის გამოცემა ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფის - Rainer W. Schlegelmilch-ის მიერ გადაღებულ Porsche-ს ფოტოსერიას აქვეყნებს, რომელიც ისტორიულ მანქანებს, გადაღების უნიკალურ ტექნიკასა და ტრასაზე აღბეჭდილ მთავარ მომენტებს აერთიანებს. ახალი გამოცემა სრულად შეისწავლის Schlegelmilch-ის მიერ გადაღებულ და კადრებად აღბეჭდილ Porsche-ს სარბოლო ისტორიას და საავტომობილო რბოლის ლეგენდარულ ოქროს ეპოქას, მსოფლიოში გამართულ შეჯიბრებებს 1963-1988 წლებში.

დინამიკურ ფოტოსერიაში შეხვდებით Porsche-ს სხვადასხვა მოდელს, დაწყებული 911-იდან, 917 და 962 სპორტულ მანქანებამდე, რომლებმაც საკულტო სახელი მოიპოვეს 70-80-იან წლებში. წიგნი მოიცავს გამოსახულებებს მნიშვნელოვანი და ისტორიული რბოლებიდან სხვადასხვა ქვეყანაში, ტარგა ფლორიოდან, ლე მანსა და მონციმდე. იმისათვის, რომ მანქანების დიზაინთან ერთად Schlegelmilch-ს მათი სიჩქარეც აესახა, განსაკუთრებული ტექნიკა გამოიყენა და ყურადღება ხანგრძლივ ექსპოზიციებსა და ბუნდოვან, მოძრავ გამოსახულებებზე გაამახვილა. 

Rainer W. Schlegelmilch-მა პირველი რბოლა 1962 წელს გადაიღო, ფოტოსერია ‘’1000 კილომეტრი’’ ფოტოგრაფმა მიუნხენის ბავარიის სახელმწიფო ფოტოგრაფიის სკოლაში, საბოლოო გამოცდაზე წარადგინა. მალევე მან ფრანკფურტში ფოტოდიზაინის სტუდია გახსნა, თუმცა საავტომობილო რბოლები მუდამ მისი გატაცების და ინტერესის მთავარი საგანი იყო. 1974 წლიდან ფოტოგრაფი ორიენტირებულია ფორმულა 1-ის ჩემპიონატზე, Porsche-ს გარდა მის ობიექტივში ხშირად მოხვედრილა Ferrari, Mercedes, BMW, Aston Martin და სხვა სპორტული მანქანები.  Schlegelmilch ერთ-ერთი განსაკუთრებული ფოტოგრაფია, რომელმაც საავტომობილო რბოლების უმნიშვნელოვანესი არქივი შექმნა ათიათასობით ფოტოთი.


ფოტო: Rainer Schlegelmilch