კლივლენდის ხელოვნების მუზეუმი 25 მაისიდან 7 სექტემბრამდე იაპონელი ხელოვანის, ტაკაში მურაკამის პერსონალურ გამოფენას და მის მიერ შექმნილ კალეიდოსკოპურ სამყაროს უმასპინძლებს, რომელიც 100-ზე მეტ ნახატსა და სკულპტურას მოიცავს. გამოფენა, სახელწოდებით ‘’Stepping on the Tail of a Rainbow’’ მურაკამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური ექსპოზიციაა ამერიკაში ბოლო 20 წლის განმავლობაში. თავდაპირველად გამოფენა ლოს-ანჯელესში მდებარე The Broad-ში 2022 წელს გაიმართა და მას შემდეგ დაემატა ახალი ნამუშევრები.

უნიკალური სტილით ცნობილი ტაკაში მურაკამი გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში აერთიანებს იაპონურ ხელოვნებას - ანიმეს, მანგას, ოტაკუს, კავაის, იაპონურ ტრადიციებსა და "შოგუნის" კინემატოგრაფიულ გავლენას. ხელოვანი ხაზს უსვამს ისტორიული, მნიშვნელოვანი მოვლენების ხანგრძლივ ეფექტებს და საინტერესო ნამუშევრებს გვთავაზობს. ზოგიერთი მათგანი ეხება მეორე მსოფლიო ომს, 2011 წლის ტოჰოკუში მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამის, ასევე COVID-19 პანდემიას. 

პოპ-კულტურისა და ტრადიციული იაპონური ხელოვნების სინთეზთან ერთად მურაკამი თანამედროვე სამყაროს სირთულეების აღსაქმელად თავის ცნობილ პერსონაჟებს იყენებს, მაგალითად, როგორიცაა Hiropon და Lonesome Cowboy.



ფოტოს წყარო: Cleveland Museum of Art, Artsy