პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მნიშვნელოვანი ეპოქის ემოციური დასასრული შედგა - Balenciaga-ს სათავეში გატარებული 10-წლიანი ისტორიის შემდეგ, დემნა გვასალიამ ბრენდთან გამოსამშვიდობებელი ჩვენება გამართა და მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი ბოლო, 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. ქართველი დიზაინერი დაემშვიდობა ბრენდს, რომლისთვისაც მან წლების განმავლობაში თავისი არაორდინალური, ექსპერიმენტული და ინოვაციური ხედვით არაერთი დასამახსოვრებელი კოლექცია შექმნა.

395cc5f9-61ec-47f6-9a6b-e37910bcd339.jpeg 343.01 KB
დემნას ბოლო კოლექციის წარსადგენ ჩვენებაზე მოდელებს შორის ვიხილეთ ნაომი კემბელი, იზაბელ იუპერი, დოლი პარტონი, კიმ კარდაშიანი და ელიზა დუგლასი, რომელმაც 2016 წელს დემნას სადებიუტო კოლექციის ჩვენება გახსნა და Balenciaga-ს სახედ იქცა. ჩვენება კრისტობალ ბალენსიაგას ისტორიულ სტუდიაში, Avenue George V-ზე გაიმართა, მუსიკის ნაცვლად ჩვენებას ფონად ჩაწერილი ხმა მიუყვებოდა, რომლითაც გაჟღერდა იმ ადამიანების სახელები, რომლებიც დემნასთან თანამშრომლობდნენ Balenciaga-ში. ეს გადაწყვეტა დემნას პირადი მონოლოგი იყო, რომლითაც მან მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა თავის გუნდისა და მოდელების მიმართ. ჩვენება დაიხურა Sade-ის სიმღერით - "No Ordinary Love", რომელიც დიზაინერს ბავშვობიდან უყვარს. 
d4177864-6efc-4d67-b239-2f8f2f28761f.jpeg 358.05 KB
ბოლო კოლექციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დემნა გვასალიას უნიკალურ და ინდივიდუალურ ხელწერას, მისთვის დამახასიათებელ ექსტრავაგანტურ ფორმებსა და სილუეტებს, რომლებსაც იგი მრავალფეროვანი მასალებისა და ტექნიკის გამოყენებით ქმნის. დემნა გვასალია მოღვაწეობას Gucci-ს სათავეში აგრძელებს, როგორც კრეატიული დირექტორი, ის იტალიური მოდის სახლისთვის სადებიუტო კოლექციას მომდევნო წლის მარტში წარადგენს და სრულიად ახალ კონცეფციას ჩამოაყალიბებს. რაც შეეხება, Balenciaga-ს, მოდის სახლს დემნას შემდეგ პიერპაოლო პიჩოლი გაუძღვება და 2025 წლის ოქტომბერში, პარიზის მოდის კვირეულზე მის პირველ კოლექციას და გარდაქმნილ Balenciaga-ს გაგვაცნობს.