თუ Halloween-ის ღამეს სახლში მყუდროდ დარჩენა გადაწყვიტე და შესაბამის ფილმს ეძებ, მაშინ Hammock-ის შედგენილი ფილმების სია გამოგადგება. აქ თავი მოვუყარეთ სხვადასხვა პერიოდის საშინელებათა, ტრილერის და ფენტეზის ჟანრის საკულტო ფილმებს.
სიას საკულტო რეჟისორის საკულტო ფილმით - Psycho-თი დავიწყებთ. 1960 წელს გამოსული ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. მდივანი თავშესაფარს პოულობს კალიფორნიის განმარტოებულ მოტელში, რომელიც რეპრესირებული მამაკაცისა და მისი მბრძანებლური დედის საკუთრებაა. ფილმში გამორჩეულია საშხაპის სცენა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელია კინოს ისტორიაში. მთავარ როლებს ენტონი პერკინსი, ენეტ ლი და ვერა მაილზი ასრულებენ.
1968 წლის ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი Rosemary's Baby ამ ჟანრის კლასიკაა. რომან პოლანსკის შედევრი ირა ლევინის ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება და მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომელიც ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ უცნაური მეზობლების გარემოცვაში ხვდება. მონაწილეობენ მია ფეროუ, ჯონ კასავეტესი და რუთ გორდონი, რომელმაც ოსკარი მიიღო ამ ფილმში მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
უეს კრეივენის ფილმი - 1984 წლის A Nightmare on Elm Street ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საშინელებათა ფილმია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა 80-იანი წლების ჰორორის ჟანრზე. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს თინეიჯერებზე, რომლებიც ერთსა და იმავე კოშმარს ხედავენ - სერიული მკვლელი ფრედი კრუგერი ბავშვებს სიზმრებში კლავს და მას, ვინც ამ სიზმარში ხვდება, რეალურ ცხოვრებაშიც იგივე ემართება.
ამავე წელს გამოვიდა 80-იანი წლების ნიუ-იორკის ერთ-ერთ საკულტო ფილმი - Ghostbusters. მოჩვენებებზე მონადირეები - ბილ მიურეი, დენ ეიკროიდი, ერნი ჰადსონი Halloween-ის ღამის შესანიშნავი პარტნიორები იქნებიან.
ტიმ ბარტონის საკულტო ფილმი Beetlejuice 1988 წელს არის გადაღებული და გამოირჩევა როგორც სიუჟეტით, ისე დაუვიწყარი პერსონაჟებით, ორიგინალური კოსტიუმებით, გრიმით და არქიტექტურით. ფილმში ისეთი მსახიობები თამაშობენ, როგორებიც არიან მაიკლ კიტონი, ინა დეივისი, ალეკ ბოლდუინი, ვაინონა რაიდერი, კეტრინ ო’ჰარა, ჯეფრი ჯოუნსი და სილვია სიდნი. ფილმში ახალგაზრდა წყვილი ინგლისის ფერმაში დაუპატიჟებელი სტუმრის განსადევნად მოჩვენებას - ‘’ბითლჯუსს’’ - სთხოვს დახმარებას, რის შემდეგაც მოვლენები ძალიან საინტერესოდ და უცნაურად ვითარდება. 
1990 წლის ფილმი The Witches, რომლის რეჟისორი ნიკოლას როეგია, როალდ დალის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. ანჯელიკა ჰიუსტონის, ჯეისონ ფიშერისა და მეი ზეტერლინგის შესრულებით, ფილმი როგორც საშინელებათა, ისე ფანტასტიკის და ასევე ზღაპრულ ელემენტებს მოიცავს. ახალგაზრდა ბიჭი ლუკი, რომელიც ბებიასთან ერთად ცხოვრობს, ხშირად ისმენს ისტორიებს ბოროტ არსებებზე - ჯადოქრებზე. ლუკი აღმოჩნდება სასტუმროში, სადაც იმართება ჯადოქრების საერთაშორისო შეკრება, რომელსაც ესწრება ყველა ჯადოქარი ბრიტანეთიდან, მათ შორის, მათი საშინელი ლიდერი.
დევიდ ლინჩის საკულტო სერიალის Twin Peaks-ის პრიქუელი, მისტიკური და სიურეალისტური ფილმი - Twin Peaks: Fire Walk with Me კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი Halloween-ის ღამისთვის.
კიდევ ერთი საკულტო ფილმი Halloween-ის ღამისთვის - 1991 წლის The Addams Family - ადამსების ოჯახის შესახებ - ჩარლზ ადამსის კომიქსებსა და 1960-იანი წლების ტელესერიალს ეფუძნება. ბარი სონენფელდის რეჟისორობით გადაღებული ფილმი უჩვეულო ოჯახზე გვიყვება - ადამსების თითოეული წევრი ინტერესდება და სიამოვნებას პოულობს იმაში, რაც სხვებისთვის საშიში და უცნაურია. მთავარი ამბავი იწყება მაშინ, როდესაც ადამსებს კარს მიადგება ადამიანი, რომელიც ირწმუნება, რომ ის მათი ოჯახის დაკარგული წევრია.
ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმი Halloween-ის ღამისთვის - 1992 წელს გამოსული Death Become Her, მერილ სტრიპის, გოლდი ჰოუნის, იზაბელა როსელინის და ბრიუს იულისის მონაწილეობით, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია დღევანდელი ღამისთვის.
1993 წლის Hocus Pocus Halloween გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც მაგიით, იუმორითა და ფანტაზიით არის სავსე. კენი ორტეგას ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ბეტი მიდლერი, სარა ჯესიკა პარკერი და ქეთი ნაჯიმი - ჯადოქრების ტრიო, რომლებიც ყოველი Halloween-ის მოახლოებისას გვახსენებენ თავს. გასულ წელს ფილმის მეორე ნაწილიც გამოვიდა.
ანიმაციური ფილმი The Nightmare Before Christmas ტიმ ბარტონის სცენარითა და ჰენრი სელიკის რეჟისორობით 1993 წელს გამოვიდა. ფილმის მთავარი გმირია ჯეკ სკელინგტონი “ჰელოუინის ქალაქიდან”, რომელიც ყოველ წელს ამ დღესასწაულს გეგმავს. ერთხელ კი შემთხვევით “შობის ქალაქში” აღმოჩნდება, რის შემდეგაც მისი გეგმები იცვლება. ფილმი გამორჩეულია მუსიკალური გაფორმებით, სიმღერებით - „This Is Halloween“, „What’s This?“ და „Oogie Boogie’s Song“, რომლებიც დღემდე პოპულარულია. 
თუ Halloween-ის ღამე კეთილი და ნოსტალგიური ემოციებით გსურთ გაატაროთ, კიდევ ერთ ფილმს გირჩევთ მოჩვენებებზე - ბრედ სილბერლინგის Casper-ს. Casper საოჯახო ფილმია, რომელიც 1940-50-იანი წლების პოპულარულ ანიმაციურ სერიალს - Casper the Friendly Ghost-ს ეფუძნება. ფილმის მთავარი გმირია კეთილი მოჩვენება, სახელად კასპერი, რომელიც ამ ჟანრის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. 
Scream - 90-იანი წლების ყველაზე ცნობილი საშინელებათა ფილმი, რომელმაც ახალი ხედვა შემოიტანა ამ ჟანრში. ფილმის რეჟისორია უეს კრეივენი, ხოლო მისი სცენარი კევინ უილიამსონს ეკუთვნის. ფილმის სიუჟეტი ქალაქ ვუდსბოროში ვითარდება, სადაც თინეიჯერების ჯგუფს შავ მანტიასა და თეთრ ნიღაბში გამოწყობილი მკვლელი დასდევს. 
1998 წელს გამოვიდა ფილმი Practical Magic, რეჟისორ გრიფინ დანის ნამუშევარი, რომელიც ელის ჰოფმანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. რომანტიკული ფანტასტიკა ორი ჯადოქარი დის - სალი და გილიან ოუენსების შესახებ გვიყვება, რომლებსაც საგვარეულო წყევლა მოჰყვებათ. მომავალ წელს, 28 წლის შემდეგ, ფილმის მეორე სერია გამოვა კინოეკრანებზე.
ტიმ ბარტონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი, გოტიკური ჰორორი - Sleepy Hollow, ვაშინგტონ ირვინგის ნოველის ეკრანიზაციაა და მთავარ როლებს ჯონი დეპი და კრისტინა რიჩი ასრულებენ. სიუჟეტი 1799 წლის ამერიკაში ვითარდება, დეტექტივი იჩაბოდ ქრეინი სერიული მკვლელობების გამოსაძიებლად მიდის სოფელში, სადაც ყველა მსხვერპლს თავი აქვს მოჭრილი. სოფლის მცხოვრებლებს სჯერათ, რომ მკვლელი უთავო მხედარია. 
დევიდ ლინჩის კიდევ ერთი შედევრია 2001 წლის ამერიკული, ნეო-ნუარის ფსიქოლოგიური ტრილერი Mulholland Drive, რომელშიც მთავარ როლებს ნაომი უოტსი, ლორა ჰერინგი და ჯასტინ ტერუ ასრულებენ. ფილმი სავსეა სიურრეალისტური სცენებითა და სიმბოლიზმით. 
ტიმ ბარტონის შედარებით ახალი ნამუშევარია Dark Shadows, სადაც მთავარ როლს ისევ ჯონი დეპი ასრულებს. მსახიობი განასახიერებს კოლინვუდის მამულის მეპატრონეს - ბარნაბას კოლინსს, რომელიც მასზე შეყვარებულ ჯადოქარს გააბრაზებს. კოლინსის დასჯის გამო, ჯადოქარი მას ვამპირად აქცევს და ცოცხლად მარხავს, საიდანაც თავის დაღწევას ის 2 საუკუნის შემდეგ ახერხებს.
Midsommar - 2019 წლის არი არსტერის დრამატული ჰორორია. ფილმი გვიყვება ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში მიემგზავრებიან. ისინი ლეგენდარული მიდსომარის ფესტივალს ესწრებიან, რომელიც საშიშ რიტუალად და სისხლიან საღამოდ გადაიქცევა.
ერთ-ერთი უახლესი საშინელებათა ჟანრის საუკეთესო ფილმია 2024 წლის Substance, რომელიც გამოირჩევა გროტესკული ელემენტებით, ჰიპერრეალისტური სიუჟეტით, განსხვავებული და საინტერესო გრიმებით. ფილმში მთავარ როლს ასრულებს დემი მური და განასახიერებს ქალს, რომელიც საკუთარი თავის უფრო ახალგაზრდა ვერსიის შესაქმნელად წამალს იღებს.



დაწერე კომენტარი