გალერეა Window Project კოკა რამიშვილისა და ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენას მასპინძლობს, რომელიც 2 ნოემბერს გაიხსნა და 5 დეკემბრამდე გაგრძელდება. Window Project-ში წარმოდგენილია კოკა რამიშვილის „ბოლო გალერეა“, რომელიც კედლებზე ჩამოკიდებულ, ხაკისფრად შეღებილ ფერწერულ ტილოების მოიცავს, ხოლო ვახტანგ ქოქიაშვილის ექსპოზიცია - ‘’1960-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე’’ ხელოვანის მიერ სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს, მათ შორის - გრაფიკას, მინანქარს, ქანდაკებასა და ასამბლაჟს.
კოკა რამიშვილის „ბოლო გალერეა“ პირველად 1990-იანი წლების დასაწყისში გამოიფინა და მას შემდეგ სხვადასხვა სივრცეში არაერთხელ იყო წარმოდგენილი. არქიტექტურული, დროითი და კულტურული კონტექსტი, რომელშიც ინსტალაცია რეალიზდება, განსაზღვრავს ადგილ-სპეციფიკური ნამუშევრის ფორმას. ფერწერული ტილოები ქვეჩარჩოებიდან ლენტებად არის ამოჭრილი, სივრცეში იკვეთება, იხლართება და საგამოფენო სივრცის ცენტრში კონცენტრირდება. ისინი ქმნიან მყიფე ბალანსს მოძრაობასა და უძრაობას შორის, ორგანზომილებიანი სიბრტყეები კი გარდაიქმნება სამგანზომილებიან სივრცულ ინსტალაციად.
ვახტანგ ქოქიაშვილის ექსპოზიცია - ‘’1960-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე’’ წარმოადგენს ფორმალური ექსპერიმენტების, მასალისა და სიმბოლური ენის მუდმივ კვლევას. 1960-1980-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები თემატურად მოიცავს მითოლოგიას, რელიგიას, იდენტობასა და მოდერნულობის საკითხებს, სცილდება დროის საზღვრებს და თანამედროვე მხატვრულ დისკურსთან აქტიურ დიალოგს მართავს. ნამუშევრების ფორმალური სიზუსტე, კონცეპტუალური სიღრმე და მასალის ექსპერიმენტული მოდულაცია მათ თანამედროვე კულტურულ დისკურსში აქტუალურად წარმოაჩენს.




დაწერე კომენტარი