კენოტაფი  ხის ნაგებობაა, რომელიც სვანეთში, ლენჯერში მდებარეობს და ეკლესიის სამრეკლოს ფუნქციას ასრულებს. პროექტი თავდაპირველად დროებითი ინსტალაცია იყო და 2024 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალესთვის შეიქმნა, რომლის მთავარი თემა თბილისის დაკარგული მდინარეები იყო, ბიენალეს დასრულების შემდეგ ნაგებობამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.

KERA-ს ინტერვენცია პოეტური რეფლექსიაა თბილისის დაკარგულ მდინარეებზე, რომელიც საზოგადოებას დაფარულ წყალსაცავებთან ხელახალი კავშირების პოვნისა და მათი მნიშვნელობის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქალაქის ქვეშ, მიწაში არიან ჩამარხულნი, დავიწყებულნი და უგულებელყოფილნი.

ბიენალეს დასრულების შემდეგ სტუდიის მიზანი იყო ნაგებობისთვის ავთენტური ხასიათი და ფუნქცია შეენარჩუნებინა. კენოტაფის ადგილმდებარეობად შეირჩა სვანეთი თავისი გამორჩეული არქიტექტურული ტრადიციების გამო. ამგვარად, კენოტაფი ახლა მე-10 საუკუნის ეკლესიისა და სასაფლაოს გვერდით მდებარეობს და ჰარმონიულად ერწყმის გარემოს.