მილანის მოდის კვირეულზე დემნა გვასალიამ Gucci-ს სადებიუტო ჩვენება გამართა. Primavera - ასე ჰქვია სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციას, რომლითაც ქართველი დიზაინერი Gucci-ს ახალ ეპოქას იწყებს, იტალიური ბრენდის იდენტობას ხელახლა განსაზღვრავს და მას უნიკალური ხელწერით, თანამედროვე და ინოვაციური ხედვით ავსებს. ჩვენებამდე დიზაინერმა საკუთარი ხედვა განცხადების სახით გაავრცელა და აღნიშნა, რომ Gucci არა მხოლოდ ბრენდი, არამედ კულტურაა, დაუვიწყარი წარსულითა და მარადიული კოდებით. ახალ ეპოქაში დემნა სწორედ მემკვიდრეობასა და თანამედროვე მოდას აერთიანებს, წარსულს და აწმყოს ერთმანეთთან შეუფერხებლად აკავშირებს და ბრენდის ისტორიის ტრანსფორმაციულ, მნიშვნელოვან თავს ქმნის.
ახალი კოლექცია სავსეა მონოქრომული ლუქებით, 90-იანი წლებით შთაგონებული სილუეტებით, მათ შორის - ტომ ფორდის ეპოქის პარალელებით. ვხვდებით საღამოს კაბებს და ორეულებს, კლასიკურ პიჯაკებსა და შარვლებს, ქურთუკებს, თრენჩებს და პალტოებს, რომლებიც გამჭვირვალე, ბრჭყვიალა, ტყავის ქსოვილებითაა შექმნილი და ბევრ მათგანს ბეწვი აფორმებს. კოლექცია როგორც ქსოვილებით, ისე ფერთა პალიტრითა და პრინტებით მრავალფეროვანია, ხშირად მეორდება Gucci-სთვის დამახასიათებელი ყვავილოვანი მოტივები, ჩანთებს, ფეხსაცმელებს და აქსესუარებს კი Gucci-ს GG ლოგო აფორმებს.
Primavera კოლექციის მთავარი შთაგონება იტალიური, კულტურული მემკვიდრეობა და რენესანსის ეპოქის თანამედროვე კონტექსტში წარმოდგენაა. კოლექციის სათაური განახლებას და აღორძინებას უკავშირდება - იდეას, რომელიც ასოცირდება ბოტიჩელის ამავე სახელწოდების ცნობილ ნამუშევართან. სწორედ ეს იქცა Gucci-ს ახალი ეპოქის დაწყების სიმბოლოდ. საბოლოო ჯამში, Gucci-ს ცნობილ ნიშნებსა და მოტივებს იდეალურად ერწყმის დემნა გვასალიას პერსონალური ხედვა, დამახასიათებელი ესთეტიკა და ექსტრავაგანტური სტილი. ჩვენებაში მონაწილეობდნენ მოდელები - ქეით მოსი, მარიაკარლა ბოსკონო, კარლი კლოსი, ვიტორია ჩერეტი და ემილი რატაკოვსკი.










დაწერე კომენტარი