ორიგინალური და დახვეწილი დიზაინის აქსესუარებისა და სამკაულების ქართული ბრენდი Mōule Jewelry ახალ კოლექციას - Collection 03-ს წარმოადგენს. მოდერნისტული ესთეტიკა, სკულპტურული ფორმები და უნიკალური ვიზუალური ხედვა Mōule Jewelry-ის საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდად აქცევს და გლობალურ ბაზარზე დიდ დაინტერესებას განაპირობებს. ახალი კოლექციისა და Collection o3-ისადმი მიძღვნილი კამპანიის შესახებ ვრცლად მოგვიყვება Mōule Jewelry-ის დამფუძნებელი ნიკო კეჟერაშვილი:
მოგვიყევით Mōule Jewelry-ის ახალი კოლექციის შესახებ, რა ნივთებს აერთიანებს Collection 03?
ახალი კოლექცია აერთიანებს როგორც სამკაულებს, ისე ობიექტებს განსხვავებული საჭიროებებისთვის, რაც Mōule Jewelry-მ ამ კოლექციაში პირველად შექმნა. კოლექციაში წარმოდგენილია მანჟეტის საკინძები, თმის სამაგრი, წიგნის სანიშნე და ღილები. სამკაულების მსგავსად, ეს ობიექტებიც ხელით მზადდება ადგილობრივი არტიზანების მიერ 925 სინჯის სტერლინგ ვერცხლში. რაც შეეხება უშუალოდ სამკაულებს, Collection 03-ში პირველად შემოვიტანეთ კრისტალები, რამაც ბრენდის ესთეტიკას მეტი სინაზე და ახალი ხასიათი შესძინა. ამავდროულად, არ ვღალატობთ Mōule Jewelry-ისთვის უკვე დამახასიათებელ სკულპტურულ ფორმებსა და მოდერნისტულ ესთეტიკას, რომელიც ბრენდის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კოლექცია აერთიანებს როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის შექმნილ ნივთებს, ისე უფრო განსაკუთრებული მომენტებისთვის განკუთვნილ სამკაულებს.
ახალ კოლექციას გამორჩეული კამპანიაც მიეძღვნა - ვინ იმუშავა კამპანიაზე, როგორი იყო მუშაობის პროცესი და როგორ აისახა კოლექციის მთავარი ესთეტიკა და ხასიათი კამპანიის ფოტოებსა და ვიდეოებში?
კამპანიაზე იმუშავა არაჩვეულებრივმა გუნდმა, რომელმაც ზუსტად იგრძნო და გადმოსცა ბრენდის კრეატიული მიმართულება. თავიდანვე გვქონდა მკაფიო ხედვა კოლექციის ესთეტიკასა და ხასიათზე - მინიმალიზმი, ფორმაზე ფოკუსი და დეტალების სიზუსტე, რაც სრულად აისახა როგორც ფოტოებში, ისე ვიდეოებში. მუშაობის პროცესი იყო საკმაოდ ინტენსიური, თუმცა ძალიან ორგანული. გუნდი არა მხოლოდ ჩვენს ხედვას მიჰყვებოდა, არამედ საკუთარი ინტერპრეტაციით კიდევ უფრო საინტერესო და მრავალშრიანი გახადა. საბოლოოდ მივიღეთ ვიზუალური მასალა, რომელიც ზუსტად ასახავს Mōule Jewelry-ის იდენტობას და ამ კოლექციის განწყობას. კამპანიაზე იმუშავეს: ფოტო - ლუიზა ჩალათაშვილი, ფოტოგრაფის ასისტენტი - ბაბი ყიფიანი, სტაილინგი და კრეატიული მიმართულება - მარიამ გუგუშვილი, მაკიაჟი - ნუცა გელაშვილი, ვიდეო - გივიკო არახამია, მოდელები - ანასტასია ვანიშვილი და ლერი ჩაგანავა.
სად არის შესაძლებელი Collection 03-ის დათვალიერება და შეძენა?
ამ ეტაპზე Collection 03 Pre-Order რეჟიმშია ხელმისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე - www.moulejewelry.com. იქ შესაძლებელია კოლექციის დათვალიერება, თითოეული ნივთის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა და შეძენა. სულ მალე კი კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება More is Love-ისა და Ieri-ის კონცეპტუალურ მაღაზიებშიც.
Mōule Jewelry-ის სამომავლო გეგმები...
Mōule Jewelry-ის სამომავლო გეგმები მოიცავს საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად გაფართოებას და სხვადასხვა შოურუმებში მონაწილეობას როგორც ევროპაში, ასევე აზიაში. ამ მიმართულებით უკვე ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს - გასულ კვირას დავბრუნდით პარიზის მოდის კვირეულიდან, სადაც წარმატებით მივიღეთ მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აქსესუარების შოურუმში, Premiere Classe-ში. მსგავსი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, ბრენდი უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავაძლიეროთ მისი პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე.
ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი








დაწერე კომენტარი