დემნა გვასალიამ Gucci-ისთვის თავისი პირველი კრუიზ-კოლექცია წარადგინა, რომლის ჩვენება ნიუ-იორკის ყველაზე ხმაურიან და ხალხმრავალ Times Square-ზე გაიმართა. Gucci-ის ამ ქალაქთან კავშირი 70 წელზე მეტს ითვლის, იმ დროიდან, როდესაც იტალიურმა მოდის სახლმა მეხუთე ავენიუზე ამერიკაში პირველი ბუტიკი გახსნა. ახალი კოლექცია, სახელწოდებით GucciCore, დემნას რამდენიმე კოლექციას -  La Familia-ს, Generation Gucci-ის და  Primavera-ს ესთეტიკას საერთო ხედვა აერთიანებს.

როგორც ქართველი დიზაინერი აღნიშნავს, შოუზე წარმოდგენილი ნივთების უმეტესობა GucciCore-ის მუდმივი კოლექციის ნაწილია, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდება და დემნას ხელწერით შექმნილ Gucci-ს ჩამოაყალიბებს. ახალი კოლექციის იდეა ისეთი სამოსის შექმნა იყო, რომელიც ეხმიანებოდა ნიუ-იორკის ქუჩების ყოველდღიურ სტილს, ამავდროულად კი გამოხატავდა Gucci-ს მარადიულ ელეგანტურობას. 

ჩვენებისას Times Square-ის უამრავი ეკრანი და ბილბორდი Gucci-ს ვიზუალებით იყო დაფარული, ეკრანებზე ჩანდა ბრენდის სხვადასხვა კამპანია და რეკლამები. მასში მონაწილეობდა ბევრი სუპერმოდელი და ცნობადი სახე, მათ შორის - ტომ ბრედი, ქენდის სვეინპოლი, ანოკ იაი, სინდი კროუფორდი, პერის ჰილტონი, ემილი რატაკოვსკი, ალექს კონსანი.