ჰარი სტაილსი ახალ კლიპს - Dance No More-ს აქვეყნებს, რომელიც თავისი ვიზუალური სტილითა და სიმბოლიზმით გამოირჩევა. ეს არის მესამე ოფიციალური კლიპი სტაილსის ახალი, მეოთხე სტუდიური ალბომიდან - Kiss All the Time. Disco, Occasionally. Dance No More ალბომის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრეკია, სიმღერა თავდაპირველად მარტში გამოვიდა, ხოლო კლიპის პრემიერა ორი თვის შემდეგ, 7 მაისს გაიმართა. კლიპის რეჟისორია Colin Solal Cardo, რომელიც ცნობილია არტისტული და კინემატოგრაფიული მუსიკალური ვიდეოებით. სიმღერის თანაავტორი და პროდიუსერი კი კიდ ჰარპუნია, რომელთანაც ჰარი აქტიურად თანამშრომლობს.
კლიპის სიუჟეტი სპორტულ დარბაზში ვითარდება, სადაც ჰარი სტაილსი 80-იანების სტილით შთაგონებული ლუქით - მოკლე წითელი შორტებითა და თეთრი სპორტული ფეხსაცმელებით ჩნდება. კლიპი გამოირჩევა ქორეოგრაფიითაც, მოცეკვავეებთან ერთად ჰარი მთელი ვიდეოს განმავლობაში ცეკვავს. ახალი კლიპის გამოშვების პარალელურად, ჰარი სტაილსი მსოფლიო ტურს იწყებს. „Together, Together“ ტურის კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ამსტერდამში, ლონდონში, სან-პაოლოსა და ნიუ-იორკში ჩატარდება. ის 16 მაისს დაიწყო და სწორედ Kiss All the Time. Disco, Occasionally-ის ალბომს ეძღვნება.
დაწერე კომენტარი