JW Anderson 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისადმი მიძღვნილ ახალ კამპანიას აქვეყნებს, რომლითაც ჯონათან ანდერსონი განსხვავებული კონცეფციის, ყოველდღიურ ცხოვრების სტილზე ორიენტირებულ ბრენდს წარმოგვიდგენს. ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ანდერსონმა თავისივე სახელობის ბრენდს დიდი რებრენდინგი ჩაუტარა და დღეს ის არა მხოლოდ მოდის სახლი, არამედ Lifestyle ბრენდია, რომელიც აერთიანებს სამოსს, აქსესუარებს, სამკაულებს, ხელოვნების ნიმუშებს, კერამიკულ ნამუშევრებსა და ინტერიერის დიზაინ-ობიექტებს. JW Anderson იქცა ერთგვარ კულტურულ პლატფორმად, რომელშიც მოდა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ხელოვნებასთან.

ახალი კამპანია ფოტოგრაფმა Heikki Kaski-მ გადაიღო და მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის  მსახიობები - Dree Hemingway, Archie Madekwe, Sophie Okonedo, Quintessa Swindell და ხელოვნებისა და კულტურის სხვა წარმომადგენლები. კამპანიის ვიზუალური ესთეტიკა დრამატულ ზღვისპირა გარემოს ეფუძნება, რომელშიც მოდელები ტალღებისა და კლდოვანი სანაპიროს ფონზე ჩანან. კამპანიაში ზღვა ცვლილებისა და დროის დინების სიმბოლოა, სამოსი კი ხელოვნების, ოსტატობისა და კულტურის ნაწილია. 

გარდა სამოსისა, JW Anderson-ის ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია უნიკალურ ნაკეთობებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს აერთიანებს. კოლექციაში აღმოაჩენთ სხვადასხვა თანამშრომლობის შედეგად შექმნილ საინტერესო ნივთებს, მათ შორის - ხელნაკეთ სკამებს, თეთრეულს, Wedgwood-ის ჭიქებს, John Taylor Bell Foundry-ის მიერ წარმოებულ საარქივო ზარს და Sunbeam Jackie-ს შექმნილ ვინტაჟურ ქოლგებს. კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ბრიტანული და ირლანდიური ხელობის თანამედროვე ინტერპრეტაციაა -  ტრადიციული მატყლის ქსოვილები, ველური ყვავილების მოტივები, ირლანდიური კოტეჯების გამოსახულებები და ორნამენტები.