ჯონათან ანდერსონი Dior-ის სადებიუტო კოლექციის წარდგენის შემდეგ საკუთარ ბრენდში, JW Anderson-ში, რომელსაც 18-წლიანი ისტორია აქვს, დიდ რებრენდინგს ახორციელებს და სრულიად განახლებულ, კონცეფციითა და სტილით განსხვავებულ მოდის სახლს წარმოგვიდგენს. ახალი JW Anderson მოდის საზღვრებს სცდება და ბრენდი აქცენტს ყოველდღიური ცხოვრების სტილზე, უნიკალურ ნაკეთობებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე აკეთებს. ჯონათან ანდერსონის პერსონალური ხედვით განახლებული ბრენდი ახალ ფილოსოფიას ქმნის და აერთიანებს კლასიკას, ინოვაციასა და დახვეწილ ოსტატობას, ქმნის მის ახალ სამყაროს, სადაც მოდა და ხელოვნება მუდმივ კავშირშია ერთმანეთთან.
2026 წლის გაზაფხულის რეზორტ-კოლექცია ფერად ნაქსოვ და ინგლისური აბრეშუმის სამოსს, იაპონურ ჯინსებს, დიდი ზომის ჩანთებსა და მაისურებს აერთიანებს, რომლებიც გაფორმებულია სლოგანებით - „Art Club“ და „Anonymous Lovers“. კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია დაახლოებით 560 დიზაინერული ობიექტი, მათ შორის - ვინტაჟური, უნიკალური, ხელნაკეთი ნივთები. შეხვდებით ჩარლზ რენე მაკინტოშის სკამებისა და ნათურების ხელახალ გამოცემებს, AkikoHirai-ის კერამიკულ ნამუშევრებს, Lucie Rie-ს ჭიქებს, მურანოს მინებს, Hope Springs-ის უინძორის სკამებს, ანტიკვარულ ხელსაწყოებს, შეზღუდული გამოშვების თაფლსა და ჩაის Postcard Teas-გან.
რებრენდინგის შემდეგ უცნობია, როდის გაიმართება JW Anderson-ის ჩვენებები, როგორც აღნიშნავენ, კოლექციები იქნება სეზონური და ანდერსონი მას მნიშვნელობის და საჭიროების მიხედვით წარადგენს. გარდა ამისა, JW Anderson-ის ლონდონისა და მილანის მაღაზიები აგვისტოში დაიხურება, განახლებული სახით და კონცეფციით კი ხელახლა გაიხსნება 2025 წლის სექტემბერში. აღსანიშნავია, რომ ბრენდი ფართოვდება და ახალ მაღაზიებს წელს ვიხილავთ ნიუ-იორკსა და პარიზშიც.
ფოტო: JW Anderson
დაწერე კომენტარი