Hôtel des Invalides-ის მოედანზე, საგანგებოდ შექმნილ სივრცეში, Dior-მა მამაკაცის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელიც აღნიშნავს ჯონათან ანდერსონის დებიუტს ფრანგული მოდის სახლში. ირლანდიელი დიზაინერი Dior-ის კრეატიულ დირექტორად ცოტა ხნის წინ დაინიშნა, ის სახლის დამფუძნებლის, კრისტიან დიორის შემდეგ მეორე დიზაინერია, რომელიც ბრენდის ყველა მიმართულებას - როგორც ქალის, ისე მამაკაცის - ყოველდღიურ და ოტ კუტიურ ხაზებს ჩაუდგა სათავეში და წლის განმავლობაში 10-ზე მეტ ჩვენებას გამართავს. 


ჯონათან ანდერსონი ცნობილია თავისი ინოვაციური ხედვით, ექსპერიმენტებითა და კრეატიულობით. ანდერსონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხელოვნებასა და კინოს, რაც კარგად გამოჩნდა როგორც Loewe-ის, ისე თავისივე სახელობის ბრენდის, JW Anderson-ის ხელმძღვანელობისას. სწორედ ამ გზას აგრძელებს იგი Dior-შიც, სადაც ანდერსონმა კრისტიან დიორის მემკვიდრეობა მის თანამედროვე, ინოვაციურ ხელწერასთან გააერთიანა.

552640d2-3329-4b9d-a1d6-d988fd5f2277 (1).jpeg 211.45 KB

თავდაპირველად ანდერსონმა ჩვენება ინსტაგრამზე ენდი უორჰოლის, ჟან-მიშელ ბასკიასა და ლი რაძივილის ფოტოებით დააანონსა. ეს პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ დიზაინერის სადებიუტო ჩვენება ისტორიას და თანამედროვე ხელოვნებას ეფუძნებოდა. ანდერსონის პირველ კოლექციაში Dior-ის არქივის ბევრი რეფერენსი გვხვდება, მათ შორისაა მე-18 და მე-19 საუკუნეების სტილის ჟილეტები, ტვიდის ქსოვილები, Delft, Caprice, La Cigale კაბები და ცნობილი ბარის პიჯაკი - თითოეული მათგანის დეტალები დიზაინერის მიერ ახლებურადაა წარმოდგენილი. 


გასაკვირი არ არის, რომ, როგორც ყოველთვის, Dior-ის კოლექციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ახლაც ჩანთებია. ანდერსონმა ხელოვან შეილა ჰიქსანთან კოლაბორაციით შექმნილი Lady Dior-ის ინტერპრეტირებული მოდელი წარმოადგინა, ასევე კოლექციაში ვხვდებით Dior Book Tote-ს, რომელიც გაფორმებულია Les Fleurs du Mal-ისა და In Cold Blood-ის გარეკანებით და ჩანთებს Bram Stoker-ის “დრაკულას” გარეკანით. ანდერსონის სადებიუტო კოლექციის ჩვენებას, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ესწრებოდნენ ისეთი ცნობადი სახეები, როგორებიც არიან რიანა, A$AP Rocky, დენიელ კრეიგი, ლუკა გუადანინო, დონატელა ვერსაჩე, ჯერემი ო ჰარისი და სხვები.