11-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, ესპანურ მოდის სახლ Loewe-ს კრეატიული დირექტორი ჯონათან ანდერსონი ტოვებს, რომელმაც თავისი უნიკალური ხელწერითა და შემოქმედებითი ხედვით ბრენდს უდიდესი წარმატება მოუტანა. ანდერსონმა Loewe-ს ხელმძღვანელობაზე შეთავაზება LVMH-ისგან 2013 წელს მიიღო. მას შემდეგ დიზაინერმა მე-19 საუკუნეში ტყავის ხელობაზე დაფუძნებული სახლი მთელ მსოფლიოს გააცნო და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად აქცია, წლების განმავლობაში ანდერსონი პატივს სცემდა Loewe-ს ისტორიასა და ტრადიციებს, პარალელურად კი ყველა კოლექციაში საკუთარ ინდივიდუალიზმს და გამორჩეულ ხელწერას უსვამდა ხაზს. ანდერსონის მიერ შექმნილი ყოველი ახალი კოლექცია, კამპანიები და ჩვენებები უფრო და უფრო საინტერესო და კრეატიული ხდებოდა და მუდმივად დიდ მოწონებას იმსახურებდა.
ჯონათან ანდერსონმა 24 წლის ასაკში საკუთარი ბრენდი - JW Anderson დააარსა, რომელსაც 2008 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუ რომელ მოდის სახლში გააგრძელებს ანდერსონი მოღვაწეობას, თუმცა როგორც სხვადასხვა გამოცემა წერს, ჯონათან ანდერსონი კიმ ჯონსს შეცვლის და Dior-ს ჩაუდგება სათავეში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან უკვე დაიწყო მუშაობა Dior-ის მამაკაცის 2026 წლის გაზაფხულის კოლექციაზე. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს Loewe-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს.
დაწერე კომენტარი