ჯონათან ანდერსონის დებიუტი Dior-ში ცოტა ხნის წინ მამაკაცის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენით შედგა, ახლა კი ფრანგულმა მოდის სახლმა ირლანდიელი დიზაინერის პირველი Lady Dior კამპანია წარადგინა, რომელიც ბრენდის ყველაზე პოპულარულ ჩანთას ეძღვნება. კამპანიაში, რომელიც ფოტოგრაფმა დევიდ სიმსმა გადაიღო, მოდის სახლის ამბასადორები - მია გოთი, გრეტა ლი და მაიკი მედისონი მონაწილეობენ. სიმსმა მოდელები Louveciennes-ში მდებარე ისტორიული სივრცის - Pavillon de Musique de la Comtesse du Barry-ის ფონზე აღბეჭდა.

როგორც Dior-ის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი აღნიშნავს, Lady Dior ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ჩანთაა, ის ფრანგული მოდის სახლის სიმბოლოდ 1995 წლიდან იქცა. ჯონათან ანდერსონმა Lady Dior-ის ახლებური ვერსიის შექმნისას შეინარჩუნა ჩანთის კლასიკური, უცვლელი ფორმა და ძირითადი ელემენტები, დიზაინერმა ჩანთებს რამდენიმე ახალი დეტალი დაამატა, მათ შორის - ზედაპირის 3D ეფექტები, ყვავილოვანი პრინტები და ისინი ღია, პასტელურ ფერებში წარადგინა. 


ფოტოს წყარო: Dior