ჯონათან ანდერსონმა Dior-ისთვის თავისი პირველი Haute Couture კოლექცია წარადგინა. პარიზში, Musée Rodin-ში გამართულ ჩვენებაზე მონაწილეობა ქართველმა მოდელმა - ნასტასია ლეგრან ბაბლუანმა მიიღო. ანდერსონის სადებიუტო კოლექციაში ყვავილების თემა ჭარბობს, თავისი უნიკალური ხედვით დიზაინერი Dior-ის არქივს, მის მრავალწლიან ტექნიკასა და დახვეწილ სტილს აცოცხლებს, თუმცა საკუთარი ინტერპრეტაციით, საინტერესო იდეებითა და სიახლეებით. თავად ანდერსონი ფიქრობს, რომ მაღალი მოდა ერთგვარი იდეების ლაბორატორიაა, სადაც მთავარი ხელობა და ექსპერიმენტებია.

ყვავილებით გაფორმებულმა მუზეუმის ჭერმა ისტორიული ადგილი ცოცხალ ეკოსისტემად გარდაქმნა. ეს ჟესტი რაფ სიმონსის Dior-ისთვის ყვავილებით შექმნილ კოლექციებსა და ადგილებს გვახსენებს, რომელთაგანაც ყველაზე დასამახსოვრებელია მისი სადებიუტო Haute Couture-ის ჩვენება, როდესაც მუზეუმის კედლები მთლიანად “აყვავებული” იყო. ასევე, ანდერსონმა ახალი სახით წარადგინა Dior-ის ცნობილი ქვიშის საათის სილუეტი, რომელიც პირველად კრისტიან დიორმა შექმნა 1947 წელს, იყო რეფერენსები ჯონ გალიანოს დახვეწილ საღამოს კაბებთანაც. ჯონათან ადერსონის ახლანდელი Dior ლეგენდარულ ეპოქასთან პარალელებს ავლებს, თუმცა კოლექცია კიდევ უფრო თანამედროვეა, გამოირჩევა ორიგინალური დეტალებითა და ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელისთვის დამახასიათებელი ხელწერით.