Dior-ის ახალი Book Tote ჩანთის კოლექციის გამოსვლის აღსანიშნავად მოდის სახლმა საინტერესო კამპანია წარადგინა, რომელშიც ფოტოგრაფმა Angèle Châtenet-მა სენის სანაპიროზე მდებარე ცნობილი ბუკინისტების დახლებს შორის მწერლები, წიგნების გამყიდველები და ლიტერატურის მოყვარულები აღბეჭდა. კამპანიაში ასევე შეხვდებით მუსიკოს 070 Shake-ს და ფოტოგრაფ დენის ვესტჰოფს, რომელიც ლეგენდარული ფრანგი მწერლის, ფრანსუაზ საგანის შვილია.

ფრანგული მოდის სახლის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული Book Tote 8 წლის წინ შეიქმნა და პირველად Dior-ის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში გამოჩნდა. ჩანთის შექმნა იმდროინდელ ქალის ხაზის კრეატიულ დირექტორს მარია გრაცია კიურის უკავშირდება. ამ სეზონზე შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ჯონათან ანდერსონმა ჩანთა თავისი ინტერპრეტაციით წარადგინა.

ახალი ჩანთები მე-19 და მე-20 საუკუნეების წიგნების ყდების ასლებითაა გაფორმებული. ჩანთების დიზაინი შექმნილია, როგორც ლიტერატურული ნამუშევრების გარეკანი, მათ შორის ისეთი ლეგენდარული ნამუშევრების შთაგონებით, როგორებიცაა ბრამ სტოკერის გოთიკური კლასიკა ‘’დრაკულა’’, ჯეიმს ჯოისის "Ulysses", გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარი", ფრანსუაზ საგანის "Bonjour Tristesse", პიერ შოდერლო დე ლაკლოს "Les liaisons dangereuses", შარლ ბოდლერის "Les Fleurs du Mal" და ტრუმენ კაპოტეს "In Cold Blood". ამავე ლიტერატურული ნაწარმოების სათაურებით ანდერსონმა ჩანთებთან ერთად საფულეები, მაისურები, პერანგები და სხვადასხვა აქსესუარი გააფორმა.