თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას „საით მიფრინავ, ღრუბელო?“ - ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ. ფერეიდნელი ქართველების ისტორიასა და კოლექტიურ მეხსიერებაზე მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავს ფერეიდანს, როგორც კულტურულ სივრცეს, სადაც ყოველდღიური ცხოვრება სამშობლოს მუდმივ მონატრებასთანაა შერწყმული. ფოტოსერია ქმნის დიალოგს წარსულსა და აწმყოს - საუკუნის წინ აღწერილ და დღევანდელ ფერეიდანს შორის და ასახავს თემს, რომელიც ოთხას წელზე მეტია ირანის ისპაანის პროვინციაში თვალით უნახავი საქართველოს მონატრებითა და მელანქოლიით ცხოვრობს და იდენტობას ინარჩუნებს.

b0c1e321-c041-49e5-a026-3b09fa4bd1fc.jpeg 523.94 KB
სიმბოლურია გამოფენის სახელწოდებაც, რომელიც ერთ შემთხვევით და საინტერესო ისტორიას ეფუძნება. ფერეიდანში მოგზაურობისას ნათელა გრიგალაშვილმა ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლისგან მოისმინა მისი დედის სიტყვები - "საით მიფრინავ, ღრუბელო? ვინ იცის, იქნებ საქართველოს მთებს გადაუფრინო?!". როგორც ეს ნათელა გრიგალაშვილს გაუზიარეს, ქალი ხშირად უყურებდა ცაზე ღრუბლებს და კითხულობდა, ნეტა ისინი ჩემი შორეული სამშობლოსკენ ხომ არ მიფრინავენო. მას საქართველო არასდროს უნახავს, მაგრამ მთელი სიცოცხლის მანძილზე გულით ატარებდა და სწორედ სამშობლოსთან ეს უხილავი კავშირი და მარადიული მონატრება გახდა გამოფენის მთავარი იდეა. ამგვარი სევდა, მელანქოლია და სამშობლოსთან ღრმა კავშირი ფერეიდნელი ქართველების ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
c3e74a49-9b36-4d3e-b00f-8cb7c6bcbf00.jpeg 277.9 KB
ფერეიდნელი ქართველების თემა ნათელა გრიგალაშვილისთვის წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ინტერესი იყო, თუმცა პროექტის კონცეპტუალური საფუძველი ლადო აღნიაშვილის 1894 წლის ჩანაწერებს უკავშირდება. ლადო აღნიაშვილი პირველი ქართველია, რომელიც ირანში ,,დაკარგული“ ქართველების მოსაძებნად გაემგზავრა და მათი ცხოვრება, ემოციური და კულტურული მეხსიერება აღწერა. ამგვარად, ნათელა გრიგალაშვილის მოგზაურობა და მისი ფოტოსერია ამ ისტორიულ მოგზაურობას ეხმიანება და საერთო თემებს - იდენტობას, მეხსიერებას და სამშობლოსთან, სუკუნოვან უხილავ კავშირს იკვლევს. ეს არის საინტერესო და უნიკალური დიალოგი ლადო აღნიაშვილის მიერ საუკუნის წინ აღწერილსა და ნათელა გრიგალაშვილის თვალით დღეს დანახულ ფერეიდანს შორის.
5d64466b-8043-4591-9f8b-430bf73b99b4.jpeg 258.97 KB
ნათელა გრიგალაშვილის დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში კოლექტიური მეხსიერება, საქართველოს რეგიონების ყოველდღიური ცხოვრება და იზოლირებული თემების სოციალურ-კულტურული იდენტობა უდიდეს ადგილს იკავებს. ქართველი ფოტოგრაფი გრძელვადიან პროექტების ფარგლებში, თვეებსა და წლებს ატარებს იმ სივრცეში, რომელსაც მისი ობიექტივით აღბეჭდავს და ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივი, ახლო კავშირი აქვს, რაც კარგად იგრძნობა მის გადაღებულ, დასამახსოვრებელ და გამორჩეულ კადრებში.