ქართულმა საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXT-მა საზოგადოებას ახალი მიმართულება – Heritage Series (კულტურული მემკვიდრეობის სერია) წარუდგინა. კომპანიის სტრატეგიაში ეს ხაზი ახალ ეტაპს ნიშნავს, რომლის მიზანიც ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი თანამედროვე ცხოვრების სტილთან მისადაგებაა.
ამ სერიის პირველი პროექტი, Cinema City by NEXT, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას კულტურულ ძეგლს – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1930-იანი წლების ლეგენდარული პავილიონის გაცოცხლებას გულისხმობს. ისტორიული მონუმენტის გვერდით კი ახალი, გამორჩეული რეზიდენცია აშენდება, რითაც წლების განმავლობაში მივიწყებული სივრცე კვლავ იქცევა ქალაქის აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად.
ევროპული არქიტექტურული გავლენითა და ისტორიული ნაგებობებით დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან ჩამოყალიბდა თბილისის ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ ცენტრად.
1920-იანი წლების მიწურულს, როდესაც მსოფლიო კინემატოგრაფში ხმოვანი ფილმების ეპოქა იწყებოდა, გამოჩენილმა არქიტექტორმა მიხეილ ბუზოღლიმ დააპროექტა საქართველოს პირველი პროფესიონალური კინოპავილიონი. შეიძლება ითქვას, ამ ნაგებობამ, რომელიც ქართული კონსტრუქტივიზმისა და ეროვნული არქიტექტურის ელემენტების თამამი სინთეზით შეიქმნა, საფუძველი ჩაუყარა ქართულ კინემატოგრაფიას.
რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ამ კედლებში ლეგენდარული რეჟისორები და მსახიობები ქმნიდნენ შედევრებს, რომლებმაც მოგვიანებით საერთაშორისო აღიარება და პრესტიჟული ჯილდოები მოიპოვა. თუმცა, დროთა განმავლობაში კამერები გაჩერდა და კულტურული მემკვიდრეობის ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი ქალაქის რიტმს გამოეთიშა.
დღეს NEXT-ი ამ სივრცის კონსერვაციას და მისთვის ახალი ავთენტური დატვირთვის მინიჭებას იწყებს.