ქართული არქიტექტურული სტუდია Laboratory of Architecture # 3-ის ახალი პროექტი ალაზნის ველზე, ვენახებშია ჩაფლული. გამორჩეული არქიტექტურისა და ინტერიერის მქონე ღვინის ქარხნიდან და სასტუმროდან თვალწარმტაცი ხედები იშლება კავკასიონზე. პროექტი, ერთი მხრივ, ისტორიული ხუროთმოძღვრების ასოციაციებს ქმნის, ხოლო, მეორე მხრივ, თამამ თანამედროვე ექსპერიმენტს წარმოადგენს. ლანდშაფტთან ჰარმონიულად შერწყმული ნაგებობა დახვეწილი და ექსპრესიული ფორმებით კახეთში თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. 

დიმიტრი შაფაქიძე, არქიტექტორი, LOA #3-ის თანადამფუძნებელი:

“ალაზნის ველზე პროექტირება ძალიან საპასუხისმგებლო დავალებაა, თუმცა ეს ადგილი დამშრალი ხევი იყო და სწორედ ჩვენი შენობის ამ ხევში ჩადგმით შესაძლებელი გახდა რელიეფის მოწესრიგება. ერთი მხრიდან მიწის ქვეშ ჩაძირულ ვრცელ სართულზე მოეწყო უშუალოდ მეღვინეობის საწარმოო ნაწილი, ხოლო ნულოვანი ნიშნულის ზემოთ პატარა სასტუმროს  მისაღები სივრცეები  დგას. არქიტექტორებს უმეტესად მჭიდროდ განაშენიანებულ გარემოში გვიწევს მუშაობა, ამ შემთხვევაში კი გაჩნდა იმის გაკეთების შანსი, რაც ისტორიული არქიტექტურის შესახებ ლიტერატურაში არის აღწერილი: თუ როგორ უნდა დამუშავდეს ქვეყნის სხვადასხვა მხარეს მიმართული ფასადები იმისათვის, რომ უკეთ წარმოჩინდეს ბუნებრივ შუქზე მისი პლასტიკა.

ამ შენობაში ჩანს, ერთი მხრივ, თავისუფლება, რომელსაც მეპატრონე აძლევს არქიტექტორს ექსპერიმენტისათვის და, მეორე მხრივ, მისი ემოციური ბმა წარსულთან და იმის სურვილი, რომ შენობა ტრადიციას უკავშირდებოდეს ისტორიული ხუროთმოძღვრების ასოციაციებით.

არქიტექტურის ამოცანა იყო ისეთი სინთეზის შექმნა ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის, რომელიც არა უბრალოდ ეკლექტური ნაზავი, არამედ დამოუკიდებელი მხატვრული სახე იქნებოდა. 

ინტერიერის და ექსტერიერის დამოკიდებულება სწორედ ამ სინთეზის გაგრძელებაა. კერძოდ, შენობის ზოგიერთი ელემენტი  თითქოს ასოციაციებით გაბრუნებს ისტორიულ მაგალითებთან, მაგრამ „გამოფხიზლების მიზნით“ უფრო აბსტრაქტული გეომეტრიის ელემენტები ისეა მასთან უშუალოდ შეთავსებული, რომ იმწამსვე ხელიდან გაგისხლტეს წარსულის ასოციაცია.”



ფოტო: Grigory Sokolinsky