“ყვარელი ლეიქ რეზორთის” სტუმრების მიმღები პავილიონი ერთგვარი წარმოსახვითი განსაწმენდელია დაბინძურებული, ურბანული მოცემულობიდან ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გადასასვლელად. შენობა ერთდროულად მყარად დამიწებულ და წარმოსახვით წრეზე მოძრავ ობიექტს წარმოადგენს. სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე, სტუმრების მისაღებ სივრცეში მოხვედრისას, ვიზიტორი ხვდება შენობაში, რომელშიც ყველა მხრიდან ბუნებრივი გარემო შემოდის და შესაბამისად ადამიანიც  ბუნების ნაწილად აღიქვამს თავს.

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ხშირად მონახულებადი რეგიონია, ყვარლის ტბა კი ქალაქ ყვარელთან მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი. ტბა კახეთის მთათა სისტემაში ჩაძირული წყალია, რომელიც ყვარლის მთებით და მთებზე შეფენილი ტყით არის გარშემორტყმული. შენობის მდებარეობა ტბის  და ტყის ურთიერთშეხვედრის ადგილას არის განსაზღვრული. გეგმარებითი პროგრამა წარმოადგენს სასტუმროთათვის განკუთვნილ ცალკე მდგომ სტუმრების მიმღებ ობიექტს, რომელიც რესორტის ტერიტორიაზე ვიზიტორის მისვლისას პირველი შემხვედრი შენობაა, მანქანის პარკინგზე დატოვების შემდეგ მიმართულებას აძლევს სასტუმროსკენ და ტერიტორიაზე ეკო ტრანსპორტით გადაადგილებას უზრუნველყოფს.

პროექტზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა იყო, რომ უნდა დაგვეკმაყოფილებინა ვიზიტორებისთვის კომფორტული რეგისტრირების და გადაადგილების პროცესი და ასევე მომსახურე პერსონალისთვის მოხერხებული ოპერირება. 75 მანქანაზე გათვლილ პარკინგის სივრცეს დიდ ტერიტორია აქვს ათვისებული, შესაბამისად საჭირო იყო ტერიტორიაზე შენობის ისეთი განთავსება, რომ ბუნერივი გარემოსგან მოწყვეტა არ მომხდარიყო. კვადრატული ფორმის შენობის 45 გრადუსით მობრუნების მეშვეობით გარემოს ყველა მხარესთან ვიზუალური და ფიზიკური კავშირი  შევქმენით. ინტერიერს და ექსტერიერს შორის საზღვარი გამქრალია, რის შედეგად შენობაში ყოფნისას იქმნება განცდა, რომ გარემოს ნაწილი ხარ. შენობა წარმოადგენს ბეტონის კვადრატული ფორმის სახურავის ქვეშ მოქცეულ ღია და დახურული სივრცეებისგან შექმნილ, თავისუფალი გადაადგილების სისტემას. ეს თავისებურება ტემპერატურული მოძრაობის შედეგად წარმოქმნილ ბუნებრივ განიავებასაც უწყობს ხელს. სახურავის ქვეშ არის მოქცეული რესეფშენის ძირითადი სივრცე, სტუმრებისთვის განკუთვნილი ტუალეტები, სერვისი და ბექ ოფისი. ბექ ოფისს, სადაც მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი საჭირო სივრცეები არის განთავსებული საჯარო სივრცისგან იზოლირებული მდებარეობა აქვს, რაც ხელს უწყობს  ვიზიტორთათვის ეფექტური და კომფორტული სერვისის მიწოდებას.

შენობის ტექტონიკა წარმოადგენს ბეტონის კვადრატულ სახურავს, დაყრდნობილს ოთხ ელემენტზე: ორ დახურულ ბეტონის მზიდ მოცულობაზე (გეგმაში წრიული ფორმის სტუმრების ტუალეტებისთვის და კვადრატული ფორმის ბექ ოფისისთვის), ერთ კოლონაზე და რკინაბეტონის დისკოზე.

ორი მოცულობის დამაკავშირებელი მინის ვიტრაჟები გარემოზე 360 გრადუსით გახსნილ, კვადრატული ფორმის ძირითად სივრცეს შემოსაზღვრავენ. რკინაბეტონის სახურავი პერიმეტრალურად 6 მეტრიან კონსოლებს ქმნის, რომელიც ოთხი რკინაბეტონის კოჭით შეკრული დინამიური გეომეტრიით არის გახისტებული.