წლევანდელი პარიზის მოდის კვირეული Saint Laurent-ის 2025-26 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებით დაიხურა. 90-იანი წლებით შთაგონებული კოლექცია, რომლის შექმნაც მოდის სახლის შემოქმედებით ხელმძღვანელს ენტონი ვაკარელოს უკავშირდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრენდის ერთგულებას მინიმალიზმის, ელეგანტური და კლასიკური სტილის მიმართ. ვაკარელო ახალ კოლექციაში ისევ და ისევ სიმარტივეს, მინიმალისტურ დიზაინს, დახვეწილ ფორმებსა და სილუეტებს ანიჭებს უპირატესობას, რომელშიც ჭარბობს განიერი მხრები, ვიწრო ქვედაბოლოები და გაშლილი კაბები, ტყავის მოსაცმელები და ქურთუკები ქამრებით.
ახალი კოლექციის მრავალფეროვნებას ტექსტურები და ქსოვილებიც განაპირობებს, მოდელებმა აბრეშუმის, ატლასის და ტყავის სამოსი მოირგეს, ზოგიერთი მათგანი როგორც მაქმანებით, ისე ყვავილიანი და ლეოპარდის პრინიტით არის გაფორმებული. კოლექცია ასევე გამორჩეულია მრავალფეროვანი ფერთა პალიტრით და მათი ორიგინალური კომბინაციებით, ვხვდებით სხვადასხვა ტონალობის მწვანეს, ვარდისფერს, ბორდოს და ნარინჯის ფერებს, ასევე მრავლად არის შავი და ყავისფერი სამოსი. რაც შეეხება აქსესუარებს, ჩვენებაზე არ იყო წარმოდგენილი ჩანთები, თუმცა ვხვდებით ხელთათმანებს, საყურეებს, ქამრებსა და სათვალეებს. ჩვენების წინა რიგებში გამოჩნდნენ ზოი კრავიცი, ქეით მოსი, ლინდა ევანგელისტა, კარლა ბრუნი, Zoe Saldaña, Charli XCX, ჰეილი ბიბერი და სხვები.
დაწერე კომენტარი