Saint Laurent მომხმარებლებს ახალ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს - მოდის სახლმა ენტონი ვაკარელოს ხელმძღვანელობით რესტორანი Sushi Park გახსნა, რომელიც პარიზში მდებარეობს და Rive Droite მაღაზიის ნაწილს წარმოადგენს. ვაკარელო მრავალი წელია ლოს-ანჯელესში მდებარე რესტორან Sushi Park-ის მუდმივი სტუმარია, რომელიც 2006 წელს შეფმზარეულმა პიტერ პარკმა დააარსა. სწორედ ვაკარელოსა და შეფის გაერთიანების შედეგად შეიქმნა სივრცე, რომელიც მოდას, ხელოვნებასა და კულინარიას აერთიანებს და რესტორნის პირველი ფილიალია კალიფორნიის შემდეგ.
Rive Droite-ის მულტიფუნქციური სივრცე პარიზში, ვენდომის მოედანზე მდებარეობს და აერთიანებს ბრენდის კოლექციებს, რესტორანს, წიგნის მაღაზიასა და გალერეას. ახალი რესტორანი 21 თებერვალს გაიხსნა, რომელსაც მოკლემეტრაჟიანი ფილმი მიეძღვნა. Pierre-Ange Carlotti-ს რეჟისორობით გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს Vassili Schneider, Lourdes Leon, Dominc Sessa, Lennon Gallagher და Saint Levant ასრულებენ.
რესტორნის ინტერიერი სკულპტურულ ავეჯსა და კერამიკის ნამუშევრებს აერთიანებს, რომელიც ექსკლუზიურად შეიქმნა Daeyong Kim-ის მიერ. სივრცე კომფორტული, მყუდრო ატმოსფეროთი გამოირჩევა და, ძირითადად, ხისა და ფოლადის მასალებითაა გაწყობილი. Sushi Park Paris უკვე მასპინძლობს სტუმრებს სეზონური იაპონური სამზარეულოთი და სპეციალურად შექმნილი მენიუთი, რომელიც შეფმზარეულმა პიტერ პარკმა შეიმუშავა.
დაწერე კომენტარი