მილანის დიზაინის კვირეულზე, Fuorisalone-ის ფარგლებში, იტალიური მოდის სახლი Gucci წარმოადგენს გამოფენას, სახელწოდებით Bamboo Encounters, რომლის კურატორი ინტერდისციპლინური სტუდია 2050+ და მისი დამფუძნებელი იპოლიტო პესტელინი ლაპარელია. გამოფენა აღნიშნავს ბამბუკის გამოყენების მრავალწლიან ისტორიას ბრენდში, რომლითაც Gucci-ს არაერთი დიზაინი შექმნილა, ბამბუკის როლი ბრენდის განვითარებაში ძალიან დიდია და ის მოდის სახლის იდენტობის ერთ-ერთ განმსაზღვრელადაც ითვლება. ბამბუკი Gucci-სთან 1940-იანი წლებიდან არის დაკავშირებული - 1947 წელს მოდის სახლმა საკულტო ბამბუკის სახელურიანი ჩანთა შექმნა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. მას შემდეგ ბამბუკის მოტივებს ვხვდებით ბრენდის უამრავ დიზაინში, მათ შორის - სამოსსა და აქსესუარებზე.
Bamboo Encounters 8 აპრილს გაიხსნება და დამთვალიერებლებს 13 აპრილამდე უმასპინძლებს, გამოფენა მილანის ისტორიულ Chiostri di San Simpliciano-ში გაიმართება. გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ დიზაინერები და სტუდიები - Anton Alvarez, Nathalie Du Pasquier, Laurids Gallee, Kite Club, Sisan Lee, Dima Srouji და the back studio. დიზაინერები წარმოადგენენ Gucci-ს ყველაზე ცნობილი კოდით შექმნილ ნამუშევრებს და მათ ორიგინალურ ინტერპრეტაციებს, რომლითაც ხაზს უსვამენ მოდის სახლში ბამბუკის მდიდარ მემკვიდრეობას. გამოფენის პარალელურად, Gucci და 2050+ უმასპინძლებს ღონისძიებების და შეხვედრების სერიას, საუბრებს გამოფენის დიზაინერებთან და მოწვეულ სტუმრებთან.
დაწერე კომენტარი