ამერიკელი რეპერი კენდრიკ ლამარი Chanel-მა ბრენდ ამბასადორად წარადგინა. ახალი თანამშრომლობის აღსანიშნავად ფრანგულმა მოდის სახლმა 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის სათვალეების კამპანია გამოაქვეყნა, რომლის მთავარი სახე სწორედ 22 გრემის მფლობელი მუსიკოსია. კენდრიკ ლამართან ერთად კამპანიაში მონაწილეობენ Chanel-ის სხვა ამბასადორები, მსახიობები - ლუპიტა ნიონგ’ო, მარგარეტ კუელი და ნანა კომაცუ. ახალი სარეკლამო ფოტოების გადაღება მოდის ფოტოგრაფ კარიმ სადლის უკავშირდება. 

IMG_1074.jpeg 337.43 KB
როგორც კენდრიკ ლამარი აღნიშნავს, Chanel-ს მარადიული მემკვიდრეობა გააჩნია და რადგან ბრენდი არ აწარმოებს მამაკაცის სამოსს, მან იცოდა, რომ სათვალეებს წარადგენდა. ფრანგული მოდის სახლისთვის სათვალეები არა მხოლოდ აქსესუარია, არამედ Chanel-ის ხელწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მუდმივად გვხვდება ახალ კოლექციებში და მოდის ჩვენებებზე. კენდრიკ ლამარისა და Chanel-ის თანამშრომლობა 2023 წლის Met Gala-ზე დაიწყო, სადაც მუსიკოსმა ბრენდის ტყავის ქურთუკი მოირგო, რომელიც იმ დროინდელმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა - ვირჯინი ვიარდიმ შექმნა. გარდა ამისა, მან შემოქმედებითი წვლილი შეიტანა 2024 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე და ითანამშრომლა დეივ ფრისთან მოკლემეტრაჟიან ფილმზე.


ფოტოს წყარო: Chanel